„ევროპის უნივერსიტეტი“ დავალიანების გამო სტატუსშეჩერებულ 70-მდე სტუდენტს სწავლის გაგრძელების საშუალებას აძლევს
„ევროპის უნივერსიტეტი“ დავალიანების გამო სტატუსშეჩერებულ 70-მდე სტუდენტს სწავლის გაგრძელების საშუალებას აძლევს

„ევროპის უნივერსიტეტი“ ფინანსური დავალიანების გამო სტატუსშეჩერებულ 70-მდე სტუდენტს სწავლის გაგრძელების საშუალებას აძლევს. უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებლის, ნინო ტალიაშვილი თქმით, სტუდენტებს სწავლის საფასური გადახდა ეტაპობრივად შეეძლებათ.

სტატუსშეჩერებულ სტუდენტებს სასწავლო პროცესში ჩართვის საშუალება გაზაფხულის სემესტრიდან ექნებათ, ამისთვის მათ უნივერსიტეტს შესაბამისი განცხადებით უნდა მიმართონ.

„ჩვენმა უნივერსიტეტმა, საკუთარი სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, საქართველოში შექმნილი ეპიდემიოლოგიური სიტუაციისა და ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით გადაწყვიტა, რომ სტატუსი აღუდგინოს ფინანსური დავალიანების გამო სტატუსშეჩერებულ სტუდენტებს. ამ გზით ჩვენ გვინდა, რომ განათლება ხელმისაწვდომი გავხადოთ თითოეული სტუდენტისთვის. იმ სტუდენტებს, რომლებიც ვერ ერთვებოდნენ სასწავლო პროცესში ფინანსური დავალიანების გამო, შესაძლებლობა ექნებათ, გაზაფხულის სემესტრში მომართონ უნივერსიტეტის ადმინისტრაციას, აღიდგინონ სტუდენტის სტატუსი და არსებული დავალიანება სწავლების მთელ პერიოდზე გადაუნაწილდებათ“, – განაცხადა „ევროპის უნივერსიტეტის“ რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, ნინო ტალიაშვილმა.