ევროპის სტუდენტური გაერთიანების (ESU) საბჭომ საქართველოს ევროინტეგრაციის მხარდამჭერი რეზოლუცია მიიღო
ევროპის სტუდენტური გაერთიანების (ESU) საბჭომ საქართველოს ევროინტეგრაციის მხარდამჭერი რეზოლუცია მიიღო

ევროპის სტუდენტური გაერთიანების (ESU) საბჭომ საქართველოს ევროინტეგრაციის მხარდამჭერი რეზოლუცია ერთხმად მიიღო.

საქართველოს სტუდენტური ორგანიზაციების ასოციაციის ინფორმაციით, რეზოლუციაში ნათქვამია, რომ ევროპის უმსხვილესი სტუდენტური გაერთიანება უპირობოდ უჭერს მხარს საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებას.

„ESU მოუწოდებს ევროკავშირს და მის წევრ სახელმწიფოებს, მხარი დაუჭირონ საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე, რეფორმების მიღწევისა და ევროკავშირში გაწევრიანებისკენ, მათ შორის, მხარი დაუჭირონ მისი საგანმანათლებლო, სოციალური და ეკონომიკური პოლიტიკის გაძლიერებას. ევროინტეგრაციისკენ მისწრაფების დასტურად, საქართველოსთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭება კიდევ უფრო მეტ სტიმულირებას მისცემს საქართველოს განვითარებას, სტაბილურობასა და რეგიონულ ინტეგრაციას და მეტად გააძლიერებს მის დემოკრატიულ ინსტიტუტებს“.

საქართველოს სტუდენტური ორგანიზაციების ასოციაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანხმად, რეზოლუცია მკაცრად გმობს რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ტერიტორიების 20 პროცენტის ოკუპაციას.

საქართველოს სტუდენტური ორგანიზაციების ასოციაციის ორგანიზებით 1-8 მაისს ESU-ს რიგით 84-ე საბჭოს შეხვედრას თბილისმა უმასპინძლა. საქართველოს სტუდენტური ორგანიზაციების ასოციაციის ცნობით, ღონისძიების მხარდამჭერები არიან საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ახალგაზრდობის სააგენტო, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია.

ევროპის სტუდენტური გაერთიანება (ESU) 1982 წელს დაფუძნდა და ის 41 სახელმწიფოს 20 მილიონზე მეტ სტუდენტს აერთიანებს. ESU ევროკავშირის ახალგაზრდული ორგანიზაციაა, რომელსაც აქვს კვოტა ხმის მიცემის უფლებით ევროპარლამენტში.