ევროპის სოციალისტური პარტია - ვიზიარებთ საერთაშორისო დამკვირვებლების მოსაზრებას, რომ საქართველოში არჩევნები იყო კონკურენტული და დაცული იყო ფუნდამენტური თავისუფლება
ევროპის სოციალისტური პარტია - ვიზიარებთ საერთაშორისო დამკვირვებლების მოსაზრებას, რომ საქართველოში არჩევნები იყო კონკურენტული და დაცული იყო ფუნდამენტური თავისუფლება

ევროპის სოციალისტური პარტია მიესალმება მაღალ აქტივობას საქართველოს საპარლამენტო არჩევნების პირველ ტურში, რომელიც 31 ოქტომბერს გაიმართა, – ამის შესახებ პარტიის განცხადებაშია ნათქვამი.

ევროპის სოციალისტურ პარტიაში აღნიშნავენ, რომ ბოლო მონაცემებით, „ქართული ოცნება“, რომელიც ევროპის სოციალისტური პარტიის დამკვირვებელი წევრია, არჩევნებზე პირველ ადგილზე გავიდა.

პარტიაში ასევე აცხადებენ, რომ საქართველოში არჩევნების პირველ ტურში აქტივობა 52 პროცენტზე მაღალი იყო, მიუხედავად კოვიდპანდემიით გამოწვეული სირთულეებისა.

„საქართველომ მაღალკონკურენტული არჩევნები ჩაატარა ასეთ რთულ დროს. არჩევნების შედეგები ამ დროისთვის გვიჩვენებს, რომ ქართველმა ხალხმა აირჩია, განაგრძოს ევროატლანტიკური გზა. არჩევნების წინ საარჩევნო კანონის რეფორმის მიღებამ საარჩევნო პროცესი უფრო ინკლუზიური და გამჭვირვალე გახადა. ვიმედოვნებთ, რომ საქართველო ამ მიმართულებით სვლას განაგრძობს მეორე ტურშიც“, – განაცხადა ევროპის სოციალისტური პარტიის პრეზიდენტმა, სერგეი სტანიშევმა.

ევროპის სოციალისტური პარტიის განცხადების თანახმად, პარტია იზიარებს ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის, ევროპის საბჭოსა და ნატო-ს საერთაშორისო დამკვირვებლების მოსაზრებას, რომ არჩევნები იყო კონკურენტული და საერთო ჯამში დაცული იყო ფუნდამენტური თავისუფლება.