ევროპის სასახლეში ანზორ ერქომაიშვილის ხელმძღვანელობით შექმნილი წიგნის პრეზენტაცია გაიმართა
ევროპის სასახლეში ანზორ ერქომაიშვილის ხელმძღვანელობით შექმნილი წიგნის პრეზენტაცია გაიმართა

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ევროპის საბჭოში საქართველოს განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრთან, მიხეილ ჩხენკელთან ერთად, ცნობილი ეთნომუსიკოსისა და ლოტბარის, ანზორ ერქომაიშვილის ხელმძღვანელობით შექმნილი ქართული კულტურის, ისტორიის, ფოლკლორისა და ეთნოგრაფიის ინგლისურენოვანი სამტომეულის პრეზენტაციას უმასპინძლა.

სამტომეული, რომელიც საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ დაფინანსებით გამოიცა, აერთიანებს ნაშრომებს როგორც სამუსიკო ფოლკლორისა და საეკლესიო მუსიკის, ასევე, არქეოლოგიის, არქიტექტურის, საქართველოს ისტორიისა და ეთნოგრაფიის შესახებ. მას თან ერთვის აუდიო-ვიდეო მატარებელი (Flash-drive), სადაც შესულია 1901 წლიდან დღემდე ჩაწერილი უნიკალური ქართული ხალხური სიმღერებისა და საგალობლების, საკრავიერი მუსიკისა და ხალხური ცეკვების 2 491 ნიმუში.

„ეს არის უნიკალური წიგნი, რომელიც წარმოადგენს ჩვენი კულტურის ენციკლოპედიას. ეს წიგნი მთლიანად დაფინანსდა ბატონი ბიძინა ივანიშვილის საჩუქრის საფუძველზე, ფონდმა „ქართუმ“ დააფინანსა ეს სამუშაო პროცესი და მასში აქტიური მონაწილეობა მიიღო ამერიკულმა საგამომცემლო კომპანიამ „ნოვა საიენსმა“. ჩვენ გვაქვს სრულიად უნიკალური წიგნი, რომელშიც თვალნათლივ არის ნაჩვენები, რომ საქართველო ევროპის არა მხოლოდ ნაწილია, არამედ ევროპული კულტურისა და ევროპული ფასეულობების შექმნაᲨი აქვს უდიდესი როლი შესრულებული. ჩვენ ამ წიგნს საჩუქრად დავარიგებთ წამყვან ბიბლიოთეკებსა და არქივებში, განსაკუთრებით, ეს მოხდება საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკებში, რათა უცხოელმა ახალგაზრდებმა თავიანთთვის ხელახლა აღმოაჩინონ საქართველო, როგორც უდიდესი და უმდიდრესი კულტურის ქვეყანა“, – განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა, რომელიც ღონისძიებას უძღვებოდა.

სამტომეულის პრეზენტაცია ანსამბლ „რუსთავის“ მიერ შესრულებული მრავალჟამიერით დასრულდა.