ევროპის სამხედრო ობიექტებზე დივერსიები გახშირდა: სლოვაკეთში დრონების საწარმოზე თავდასხმა აღკვეთეს

16:25, 26.08.2026
საილუსტრაციო ფოტო / „ბულგარეთის ეროვნული ტელევიზია" - BNT

საილუსტრაციო ფოტო / „ბულგარეთის ეროვნული ტელევიზია" - BNT

სლოვაკეთის აღმოსავლეთში დრონების საწარმოზე თავდასხმის მომზადების ბრალდებით სამი უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს. სლოვაკეთის პოლიციის ინფორმაციით, ორი მათგანი სლოვაკეთში დააკავეს, მესამე კი გერმანიაში.

პოლიციის ცნობით, დაკავებულები საწარმოსთვის ცეცხლის წაკიდებას გეგმავდნენ. სამართალდამცველებმა დიდი რაოდენობით ადვილად აალებადი ნივთიერებები, მობილური ტელეფონები და თავდასხმის ხელით დაწერილი გეგმა ამოიღეს.

თავდასხმის დაგეგმილ დროს ქარხანაში დაახლოებით 70 ადამიანი იმყოფებოდა. პოლიციის განცხადებით, ინციდენტის შედეგად საწარმო არ დაზიანებულა და არავინ დაშავებულა. უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, სამართალდამცველები ქარხნის ზუსტ ადგილმდებარეობას არ ასაჯაროებენ.

ევროპული ქვეყნების სადაზვერვო სამსახურების ცნობით,  რუსეთი ნატოს წევრ ქვეყნებში დივერსიული და სხვა სახის პროვოკაციული ოპერაციების ორგანიზებას ცდილობს.

სადაზვერვო სამსახურების შეფასებით, ოპერაციები ისე იგეგმება, რომ „ნატოს კოლექტიური თავდაცვის მექანიზმის, მე-5 მუხლის, ამოქმედების გამომწვევი ზღვარი არ გადაიკვეთოს”.

მსგავს გეგმაზე წერს ბრიტანული „ტელეგრაფიც”. გამოცემის მიხედვით, რუსეთი ევროპაში დივერსიულ ოპერაციებს სამხედრო საწარმოების წინააღმდეგ გეგმავს და მათ განსახორციელებლად ადგილობრივ კრიმინალურ დაჯგუფებებს ქირაობს.

დასავლური დაზვერვის შეფასებით, მოსკოვის ერთ-ერთი მთავარი მიზანი ნატოს მოკავშირეების ერთიანობის გამოცდა და ალიანსში განხეთქილების გაჩენაა.

„ტელეგრაფის” სტატიაში ბოლო დღეებში მომხდარი რამდენიმე ინციდენტიც არის მოყვანილი. მათ შორისაა კიევისთვის დრონების მიმწოდებელ ესტონურ კომპანიაზე თავდასხმა, ბულგარეთის სამხედრო საწარმო „ემკოში“ მომხდარი აფეთქება და, სამი დღის შემდეგ, რომის მახლობლად მდებარე სამხედრო-სამრეწველო კომპლექსში მომხდარი აფეთქება.

სტატიის ავტორია თეოდორა გატევა. თავდაპირველად გამოქვეყნდა: 25 აგვისტო, 2026, 19:19 (ცენტრალური ევროპის ზაფხულის დრო)

მსგავსი