„ევროპის სახალხო პარტია“ საქართველოს მთავრობას მიმართავს
„ევროპის სახალხო პარტია“ საქართველოს მთავრობას მიმართავს

„ევროპის სახალხო პარტია“ მხარს უჭერს საარჩევნო სისტემაზე მიმდინარე დიალოგს და საქართველოს მთავრობას მოქალაქეების ნების შესრულებისკენ მოუწოდებს.

ამის შესახებ საუბარია „ევროპის სახალხო“ პარტიის განცხადებაში, რომელიც 3-4 თებერვალს, ბრიუსელში გამართული პარტიის პოლიტიკური ასამბლეის წევრების შეკრების შემდეგ გამოქვეყნდა.

„ევროპის სახალხო პარტია“ საქართველოს დემოკრატიას მხარს უჭერს. ამასთან, პარტია ძალიან იმედგაცრუებულია, რომ მმართველ პარტიას არ აღმოაჩნდა პოლიტიკური ნება არსებული პოლიტიკური კრიზისის გადასაჭრელად.

„ევროპის სახალხო პარტია“ მოუწოდებს მთავრობას, შეასრულონ საქართველოს მოქალაქეების, სამოქალაქო საზოგადოების, ოპოზიციისა და საქართველოს მეგობრების მოთხოვნები.

„ევროპის სახალხო პარტია“ მხარს უჭერს საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით მთავრობასა და ოპოზიციას შორის მიმდინარე დიალოგს, რომელიც საერთაშორისო საზოგადოების შუამავლობით დაიწყო და მოუწოდებს საქართველოს მმართველ პარტიას, უზრუნველყოს ისეთი საარჩევნო სისტემის შემოღება, რომელსაც ექნება ყველა დაინტერესებული მხარის მხარდაჭერა და ნდობა და ასევე, უზრუნველყოფს პარლამენტში წარმომადგენლობის მაქსიმალურ პროპორციულობას 2020 წლის არჩევნებამდე.

„ევროპის სახალხო პარტია“ მოუწოდებს საქართველოს მთავრობას თავი შეიკავოს სასამართლო სისტემის პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ გამოყენების მცდელობისგან და შეწყვიტოს ოპოზიციის ლიდერების სამართლებრივი დევნა.

საქართველოს აქვს დიდი პოტენციალი და საქართველოსა და ევროკავშირის ინტერესებშია, რომ ქვეყნის დემოკრატიული მიღწევების უკუქცევა არ მოხდეს“, – ნათქვამია განცხადებაში.