„ევროპის საინვესტიციო ბანკის“ წარმომადგენლები ფოთში, ბანკის მიერ დაფინანსებული პროექტების მიმდინარეობას გაეცნენ
„ევროპის საინვესტიციო ბანკის“ წარმომადგენლები ფოთში, ბანკის მიერ დაფინანსებული პროექტების მიმდინარეობას გაეცნენ

„ევროპის საინვესტიციო ბანკის“ (EIB) წარმომადგენლები ფოთში, ბანკის მიერ დაფინანსებული პროექტების მიმდინარეობას ადგილზე გაეცნენ.

,,ევროპის საინვესტიციო ბანკის“ წარმომადგენლები ფოთის სპორტული კომპლექსის მშენებლობის პროცესს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე გრიგოლ კაციასთან, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელ დირექტორთან გიორგი შენგელიასთან და სამეგრელო – ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულთან ალექსანდრე მოწერელიასთან ერთად გაეცნო.

ფოთში მრავალფუნქციური სპორტული კომპლექსისა და საცურაო აუზის მშენებლობას „საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი“, „ევროპის საინვესტიციო ბანკის“ დაფინანსებით ახორციელებს. მრავალფუნქციურ სპორტულ კომპლექსს დიდი და მცირე საცურაო აუზი ექნება, საცურაო სივრცეში განთავსდება 100 მაყურებელზე გათვლილი ტრიბუნა. ასევე მოეწყობა სპორტული მოედანი, 160 მაყურებელზე გათვლილი ტრიბუნებით, ცალკე განთავსდება ფიტნესდარბაზი. სპორტულ კომპლექსში მოეწყობა საშხაპეები, ოთახები მწვრთნელებისთვის, მსაჯებისთვის, პერსონალისთვის და ექიმისთვის. იქვე განთავსდება კაფე და საერთო საცხოვრებელი სპორტსმენებისთვის. ახალი კომპლექსი  საშუალებას იძლევა, სპორტის მრავალ სახეობაში გაიმართოს ტურნირები ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე.

პროექტის განხორციელება გასული წლის მარტში დაიწყო და მიმდინარე წელს დასრულდება. მისი ღირებულება 14,5 მილიონი ლარია.

დღესვე, „ევროპის საინვესტიციო ბანკის“ წარმომადგენლებმა ფოთის სატუმბი სადგური დაათვალიერეს, რომლის პროექტი ამავე ბანკის დაფინანსებით განხორცილდა.