ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტი - საქართველოში გზებისა და ესტაკადების მშენებლობას წელს დაახლოებით 200 მილიონი ევროთი ვაფინანსებთ
ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტი - საქართველოში გზებისა და ესტაკადების მშენებლობას წელს დაახლოებით 200 მილიონი ევროთი ვაფინანსებთ

ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტის, ვაზილ ჰუდაკის განცხადებით, საქართველოსთან თანამშრომლობის ერთ-ერთი მთავრი მიმართულება წელსაც საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა იქნება.

როგორც ვაზილ ჰუდაკმა ვაშინგტონში პირველ არხს განუცხადა, საფინანსო ორგანიზაცია მხოლოდ საგზაო ინფრასტრუქტურის, განსაკუთრებით კი ცენტრალური მაგისტრალების მშენებლობას, 2018 წელს დაახლოებით 200 მილიონი ევროთი დააფინანსებს.

„საქართველო ევროპის საინვესტიციო ბანკის რიგით მეორე დიდი მიმღებია აღმოსავლეთ სამეზობლოში. ჩვენ მაგალითად, წელს დაახლოებით 200 მილიონი ევროთი ვაფინანსებთ გზებისა და ესტაკადების მშენებლობებს, განსაკუთრებით ძირითადი განგრძობადი დერეფნებისას, იმიტომ რომ საქართველო მნიშვნელოვანი ტრანზიტული ქვეყანაა როგორც აღმოსავლეთ-დასავლეთ, ისე ჩრდილო-სამხრეთ მიმართულებებით, ამიტომ გვსურს ამ მიმართულების მხარდაჭერა გავაგრძელოთ“, – განცხადა ვაზილ ჰუდაკმა ვაშინგტონში საქართველოს ფინანსთა მინისტრთან შეხვედრის შემდეგ.

მამუკა ბახტაძე ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტს ვაშინგტონში, მსოფლიო ბანკისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის წლიური საგაზაფხულო შეხვედრის ფარგლებში შეხვდა.

მხარეებმა ისაუბრეს თანამშრომლობის რამდენიმე სხვა მიმართულებაზე, მათ შორის, ქვეყანაში მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების ხელშეწყობაზე. როგორც ვაზილ ჰუდაკმა განმარტა ,ევროპის საინვესტიციო ბანკი საქართველოში ამ მიმართულებით მუშაობითაც არის დაინტერესებული.

„ჩვენ ასევე ვისაუბრეთ და მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ სურს, განსაკუთრებული ყურადღება დაუთმოს მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერას. ჩვენ გვაქვს ევროკავშირში გამოცდილება ადგილობრივი ბანკებისთვის გარანტიების შექმნისა, იმისათვის, რომ მეტი მხარდაჭერა გაუწიონ ასეთ მიმართულებებს“ – განმარტა ვაზილ ჰუდაკმა.

ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა ჟურნალისტებთან საუბრისას აქცენტი გააკეთა თანამშრომლობის კიდევ ერთ მიმართულებაზე, რაც ქვეყანაში დედაქალაქისა და სხვა ქალაქების თანამედროვე სამოქალაქო ტრანსპორტით უზრუნველყოფას გულისხმობს.

„ვისაუბრეთ ასევე სამოქალაქო ტრანსპორტზე. ჩვენ გვაქვს კარგი თანამშრომლობა დედაქალაქთან და მის მერთან, კახი კალაძესთან. დარწმუნებული ვარ, ქართველებს აწუხებთ ე.წ. მარშუტკები და მასთან დაკავშირებული პრობლემები. ის, რისი გაკეთებაც ჩვენ გვინდა, არის თანამშრომლობა ქალაქთან და არა მხოლოდ თბილისთან, არამედ მის მიღმაც, რომ უზრუნველვყოთ თანამედროვე ტრანსპორტით, მათ შორის ელექტრო ავტოტრანსპორტით.

მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მისთვის ქვეყანაში სამწარმოებლო მშენებლობა რომელიც არა მხოლოდ საქართველოს, არამედ სომხეთსა და აზერბაიჯანსაც მოემსახურება, პოტენციურად – რუსეთსა და ირანსაც.

„ჩვენ დაინტერესებული ვართ ამგვარი წარმოებით ელექტრო საჯარო ტრანსპორტისა და მანქანების. ბევრი გეგმა გვაქვს და ველით თანამშრომლობას“ – განაცხადა ევროპის საინვესტიციო ბანის ვიცე პრეზიდენტმა.