ევროპის საინვესტიციო ბანკი საქართველოსთვის 200 მლნ ევროს ფინანსური რესურსის გამოყოფას გეგმავს
ევროპის საინვესტიციო ბანკი საქართველოსთვის 200 მლნ ევროს ფინანსური რესურსის გამოყოფას გეგმავს

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) ვიცე-პრეზიდენტ ლილიანა პავლოვასთან ვიდეოკონფერენცია გამართა, სადაც ფინანსური მხარდაჭერისა და საქართველოში ოპერაციების მოცულობის გაზრდის შესაძლებლობები განიხილეს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, ევროპის საინვესტიციო ბანკი საქართველოს სამედიცინო ინფრასტრუქტურის განვითარების, Covid 19-ის პანდემიით გამოწვეული ფისკალური და სხვა საჭიროებებისთვის 200 მლნ ევროს ოდენობის ფინანსური რესურსის გამოყოფას გეგმავს.

ლილიანა პავლოვას შეფასებით, ბანკი დეტალურად ადევნებს თვალს ქვეყანაში პანდემიასთან ბრძოლის კუთხით არსებულ მდგომარეობას და საქართველოს მთავრობის ძალისხმევა Covid-19-თან გამკლავების ნაწილში შთამბეჭდავია.

ამასთან, ვიდეოკონფერენციისას საქართველოს მთავრობის მეთაურმა COVID-19-ის გავრცელებით გამოწვეულ ეკონომიკურ პრობლემებთან ეფექტურ გამკლავებაში საერთაშორისო ფინანსური მხარდაჭერის მნიშვნელობას გაუსვა  ხაზი და ევროპის საინვესტიციო ბანკს მადლობა გადაუხადა აქტიური თანამშრომლობისთვის საქართველოს როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორთან.

ხაზი გაესვა აღნიშნული საფინანსო ინსტიტუტის მიერ ქართული ბანკებისა და სხვა ბიზნესსუბიექტებისთვის გამოყოფილ დაფინანსებას, რომელთა ხელშეწყობა, ფინანსებზე ხელმისაწვდომობის კუთხით, მთავრობისთვის პრიორიტეტულია.

ვიდეოკონფერენციისას კიდევ ერთხელ აღინიშნა, რომ საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებთან წარმატებული თანამშრომლობის შედეგად, წლის ბოლომდე საერთაშორისო დახმარების სახით საქართველოსთვის ხელმისაწვდომი იქნება, დაახლოებით, 3 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობის ფინანსური რესურსი.

„ყურადღება გამახვილდა მთავრობის აქტიურ კომუნიკაციაზე საერთაშორისო პარტნიორებსა და დონორ ორგანიზაციებთან, რათა ერთობლივად შემუშავდეს იმ ღონისძიებათა პაკეტი, რომელიც მიზნობრივად ორიენტირებული იქნება მიმდინარე გამოწვევებთან გამკლავებაზე. საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან მაღალი დონის პოლიტიკური შეხვედრების პარალელურად ინტენსიური მუშაობა სამინისტროების დონეზე მიმდინარეობს.

შეხვედრისას აღინიშნა, რომ ევროპის საინვესტიციო ბანკი ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი პარტნიორია საქართველოსთვის და მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერა EIB-ის გავლით საქართველოს ეკონომიკას მნიშვნელოვნად დაეხმარება როგორც უშუალოდ კრიზისთან ბრძოლაში, ისე პოსტკრიზისულ პერიოდში ეკონომიკური განვითარების მაღალი ტემპის დასაბრუნებლად“, – აღნიშნულია პრემიერის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვიდეოკონფერენციაში ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი, ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი და ეკონომიკურ საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ბექა ლილუაშვილი მონაწილეობდნენ.