ევროპის საინვესტიციო ბანკი საქართველოში ჯანდაცვის ინფრასტრუქტურის მხარდასაჭერად 100 მილიონი ევროს ინვესტიციას ახორციელებს
ევროპის საინვესტიციო ბანკი საქართველოში ჯანდაცვის ინფრასტრუქტურის მხარდასაჭერად 100 მილიონი ევროს ინვესტიციას ახორციელებს

ევროპის საინვესტიციო ბანკი საქართველოში ჯანდაცვის ინფრასტრუქტურის მხარდასაჭერად 100 მილიონი ევროს მოცულობის ინვესტიციას ახორციელებს, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ევროკავშირის გარანტიით უზრუნველყოფილი, ევროპის საინვესტიციო ბანკის 100 მილიონი ევროს მოცულობის სესხი საქართველოს მისცემს შესაძლებლობას, განახორციელოს შვიდი მთავარი საავადმყოფოს, მათ შორის COVID-19-ით ინფიცირებული პაციენტების მიმღებ საავადმყოფოებად გადაკეთებული საავადმყოფოების, მოდერნიზება.

„სესხი ასევე ითვალისწინებს COVID-19-თან დაკავშირებული აუცილებელი სამედიცინო აღჭურვილობის შესყიდვას.

აღნიშნული ინვესტიცია წარმოადგენს ევროპის საინვესტიციო ბანკის მიერ COVID-19-ზე რეაგირებისა და პანდემიის პერიოდში „ევროპის გუნდის“ მიერ ევროკავშირის პარტნიორი ქვეყნებისათვის 6.7 მილიარდი ევროს მოცულობის უზრუნველყოფილი დახმარების პაკეტის ნაწილს. ევროპის საინვესტიციო ბანკი (EIB), რომელიც ევროკავშირის ბანკს წარმოადგენს, განახორციელებს 100 მილიონი ევროს მოცულობის ინვესტიციას COVID-19-ის პანდემიის დროს საქართველოს ძირითადი სამედიცინო ინფრასტრუქტურის მოდერნიზებისა და გაუმჯობესების, ახალი სამედიცინო პერსონალის სწავლებისა და საქართველოს ჯანდაცვის სისტემისთვის აუცილებელი  სამედიცინო აღჭურვილობის შესყიდვების დაფინანსების უზრუნველსაყოფად.

ევროკავშირის გარანტიით უზრუნველყოფილი, ევროპის საინვესტიციო ბანკის სესხი საქართველოს მთავრობას მისცემს შესაძლებლობას განახორციელოს საქართველოს შვიდი მთავარი საავადმყოფოს: ცენტრალური რესპუბლიკური საავადმყოფოს, ბავშვთა ინფექციური საავადმყოფოს, ლისის საავადმყოფოს, რუხის საავადმყოფოს, ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს, თბილისის საუნივერსიტეტო კლინიკისა და ინფექციური პათოლოგიის შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის მოდერნიზება. ამ საავადმყოფოების რიცხვში შედის ის საავადმყოფოებიც, რომლებიც COVID-19-ით ინფიცირებული პაციენტების მიმღებ საავადმყოფოებად გადაკეთდა და მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ქვეყანაში ვირუსის გავრცელების შეჩერებაში. ევროპის საინვესტიციო ბანკის მიერ გამოყოფილი დაფინანსებით ასევე მოხდება თანამედროვე სამედიცინო აღჭურვილობისა და ვაქცინების შეძენა, აგრეთვე COVID-19-ით ინფიცირებული პაციენტებისთვის სრულყოფილი დიაგნოსტიკური და სამკურნალო მომსახურების მიწოდების ეფექტიანი ჯაჭვის შექმნა“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

როგორც ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა, ტერეზა ჩერვინსკამ აღნიშნა, ინვესტიციის მიზანია, საქართველოს დახმარება ქვეყნის წამყვანი საავადმყოფოებისა და სამკურნალო ცენტრების მოდერნიზებაში, აგრეთვე სამედიცინო აღჭურვილობის შეძენასა და ახალი სამედიცინო პერსონალის სწავლებაში.

„აღნიშნული დახმარებით საქართველო შეძლებს ჯანმრთელობის დაცვის სისტემის გაუმჯობესებას, საკუთარი მოქალაქეებისა და სამედიცინო პერსონალის დაცვასა და შეიძენს თანამედროვე საშუალებებს პანდემიასთან გასამკლავებლად. მადლობას ვუხდი საქართველოს მთავრობას, რომელმაც მოგვცა შესაძლებლობა დავხმარებოდით საქართველოს მოქალაქეებს ამ რთულ პერიოდში და შეგვეტანა საკუთარი წვლილი თანამედროვე და წარმატებული ქვეყნის მშენებლობაში“,- აღნიშნა  ტერეზა ჩერვინსკამ.

საქართველოში ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის განცხადებით, ევროკავშირი აგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას პანდემიის პერიოდში.

„დღეს მე სიამაყით მინდა გამოვაცხადო საქართველოსთვის უზრუნველყოფილი მხარდაჭერის კიდევ ერთი ეტაპის შესახებ – ეს არის ევროკავშირის ბანკის ევროპის საინვესტიციო ბანკის მიერ საქართველოსთვის გამოყოფილი 100 მილიონი ევროს (400 მილიონი ლარის) მოცულობის შეღავათიანი სესხი. სესხი განკუთვნილია ჯანდაცვის სისტემის საჭიროებების დასაკმაყოფილებლად – მნიშვნელოვანი საქმიანობის შესრულებაში იმ ქალებისა და მამაკაცების დასახმარებლად, რომლებიც ჩვენს მხარდაჭერასა და პატივისცემას იმსახურებენ. აღნიშნული თანხა ემატება იმ 1.5 მილიარდი ლარის მოცულობის დახმარებას, რომლის მობილიზებაც ევროკავშირმა და „ევროპის გუნდმა“ საქართველოს დასახმარებლად წელს უკვე უზრუნველყო. ევროკავშირი აგრძელებს მუშაობას საერთაშორისო პარტნიორებთან, საქართველოს მთავრობასთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან და ადგილობრივ ბანკებთან იმისათვის, რომ დაეხმაროს საქართველოს მოქალაქეებს, სადაც ეს აუცილებელი და შესაძლებელია“, – განაცხადა კარლ გარცელმა.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის, ივანე მაჭავარიანის განცხადებით, საქართველოს მთავრობა მადლობას უხდის ევროპის საინვესტიციო ბანკს (EIB) ჯანდაცვისა და ეკონომიკის სექტორებში COVID-19-ის პანდემიით გამოწვეულ შედეგებთან ბრძოლაში მხარდაჭერისთვის.

„პანდემიის მეორე ტალღამ აუცილებელი გახადა შემდგომი გადაუდებელი ზომების მიღება. ჩვენ ვაფასებთ პარტნიორების სწრაფ რეაგირებას. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ევროპის საინვესტიციო ბანკი საქართველოს გამოუყოფს 100 მილიონ ევროს COVID-19-ის წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების მხარდასაჭერად.
ეს თანხა გამოიყენება პანდემიის დასკვნით ეტაპზე და ხელს შეუწყობს საქართველოს მიერ დაავადების მართვასთან, ლაბორატორიების შესაძლებლობების გაძლიერებასთან და ვაქცინის მარაგის შექმნასთან დაკავშირებული გადაუდებელი საჭიროებების დაფინანსებას. საქართველოს მთავრობა კიდევ ერთხელ, ხაზგასმით აღნიშნავს EIB-ს მიერ გაწეული ფინანსური მხარდაჭერის უზარმაზარ ღირებულებას და მზად არის, გააგრძელოს წარმატებული თანამშრომლობა“, – განაცხადა მაჭავარიანმა.

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ინფორმაციით, აღნიშნული ინვესტიცია საქართველოს მთავრობას მისცემს შესაძლებლობას, გააუმჯობესოს საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სისტემის ხარისხი და მედეგობა, გააძლიეროს COVID-19-ის პანდემიაზე ეფექტიანი რეაგირების პოტენციალი და გადაარჩინოს ადამიანების სიცოცხლე საქართველოს 3.7 მილიონი მოქალაქისთვის უკეთესი სამედიცინო მომსახურების უზრუნველყოფის გზით. ევროპის საინვესტიციო ბანკის მიერ საქართველოს მდგრადი სოციალური და ეკონომიკური განვითარებისთვის დღემდე უზრუნველყოფილი ინვესტიციების მოცულობა დაახლოებით 2 მილიარდ ევროს შეადგენს.