ევროპის საბჭოს ვებგვერდზე თეა წულუკიანის მოხსენება გამოქვეყნდა
ევროპის საბჭოს ვებგვერდზე თეა წულუკიანის მოხსენება გამოქვეყნდა

ევროპის საბჭომ აღდგენით მართლმსაჯულებასა და სასამართლო საქმის წარმოებაში ბავშვების მონაწილეობასთან დაკავშირებით ევროსაბჭოს წევრი ქვეყნების მაღალი თანამდებობის პირთა მოხსენებები გამოაქვეყნა. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, მოხსენებებითი გამოსვლა სტრასბურგში საქართველოს თავმჯდომარეობის ფარგლებში ორგანიზებულ წარმომადგენლობით კონფერენციაზე იგეგმებოდა, რომელიც ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო გაუქმდა.  როგორც იუსტიციის სამინისტროში აცხადებენ, გამოქვეყნებულ მოხსენებებს შორისაა ვიცე-პრემიერის, საქართველოს იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის სიტყვაც.

იუსტიციის მინისტრი ევროპის საბჭოს წევრ ქვეყნებს საქართველოს გამოცდილებას უზიარებს კანონთან კონფლიქტში მყოფი ბავშვებისთვის აღდგენითი მართლმსაჯულების ინსტრუმენტების გამოყენების კუთხით. თეა წულუკიანი თავის განცხადებაში აღნიშნავს, რომ 2012 წლის შემდეგ ქვეყნისათვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სისტემაში თავის დაღწევას ნულოვანი ტოლერანტობისგან, რაც გამოიხატებოდა არასაპატიმრო სასჯელების ნაცვლად პატიმრობის მასობრივი გამოყენებით.

„2015 წელს მიღებულმა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსმა შემოიღო სრულიად ახალი მიდგომა კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანთათვის, რომლის თანახმადაც, არასაპატიმრო ზომები იქცა ნორმად, ხოლო სისხლისსამართლებრივი სასჯელი – გამონაკლისად“, – აცხადებს იუსტიციის მინისტრი.

თეა წულუკიანმა ყურადღება გაამახვილა განრიდებისა და მედიაციის პროგრამებზე, რომელთა ფარგლებშიც არასრულწლოვანთან მუშაობა ხდება საქმის სასამართლოში განხილვის და სასამართლო პროცესის გარეშე, ადამიანის უფლებებისა და სამართლებრივი გარანტიების დაცვით.

„კანონთან კონფლიქტში მყოფი მოზარდებისთვის ეს ერთგვარი წახალისებაა, დაუბრუნდნენ კანონმორჩილ ცხოვრებას სასჯელისა თუ ნასამართლობის გარეშე მათ საჭიროებებზე მორგებულ პროგრამებში ნებაყოფლობითი მონაწილეობის სანაცვლოდ, დამოუკიდებელი და ნეიტრალური პირის, მედიატორის ჩართულობით“, – განმარტა მინისტრმა და აღნიშნა, რომ 2019 წლის მდგომარეობით, განრიდების/მედიაციის პროგრამებში წინა წლებში ჩართულ არასრულწლოვანთა მხოლოდ 9%-მა ჩაიდინა დანაშაული განმეორებით.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოხსენებაში საუბარია, აგრეთვე, 2020 წლის პირველ იანვარს ბავშვთა დაცვის რეფერალური მექანიზმისა და არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრის შესახებ. რეფერირების ცენტრის მიზანი რთული ქცევის მქონე ბავშვების სოციალიზაცია, რეაბილიტაცია, მათი დანაშაულის პრევენციაა ინსტიტუციური და კომპლექსური მიდგომის გზით.

კიდევ ერთი საკითხი, რომელზეც საქართველოს იუსტიციის მინისტრი ამახვილებს ყურადღებას, არასრულწლოვანთათვის მცირე, ე.წ. ოჯახური ტიპის ციხეების შექმნის პროექტია, სადაც კანონთან კონფლიქტში მყოფი ბავშვებისათვის ინდივიდუალური მიდგომები იმუშავებს და გაძლიერდება პრობაციისა და რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის კომპონენტები.

არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების რეფორმა საქართველოში იუსტიციის სამინისტროს ხელმძღვანელობით განხორციელდა და მასში ყველა ის უწყება იყო ჩართული, რომელიც მართლმსაჯულების პროცესში მონაწილეობს სხვადასხვა ეტაპზე, მათ შორის სასამართლო, პროკურატურისა და პოლიციის სტრუქტურები, ასევე, ბავშვთა უფლებების დაცვის საკითხებით დაინტერესებული არასამთავრობო ორგანიზაციები და საერთაშორისო მისიები, უცხოელი ექსპერტები.

ევროპის საბჭოს საიტზე, ასევე, გამოქვეყნებულია ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის, მარია პეინჩინოვიჩ ბურიჩის, მისასალმებელი გზავნილი, სადაც ის კანონთან კონფლიქტში მყოფი ბავშვებისათვის სერვისების საჭიროებაზე საუბრობს და აცხადებს, რომ „მართლმსაჯულების სისტემები უნდა დაეხმაროს მათ ტრავმის გადალახვაში“.

იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, ყველა დოკუმენტი და მოხსენება, მათ შორის, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს თავმჯდომარე ლინოს-ალექსანდრე სიცილიანოსის, საქართველოს გენერალური პროკურორის, ირაკლი შოთაძის, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სოციალური დაცვის, ჯანმრთელობისა და მდგრადი განვითარების კომიტეტის წევრ შტეფან შენახის, ევროპის საბჭოს ბავშვთა უფლებების დაცვის მმართველი კომიტეტის თავმჯდომარე მარია-ანდრიანი კოსტოპულუს და ევროპის საბჭოს მიგრაციისა და ლტოლვილთა გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის, დრაჰოსლავ შტეფანეკის განცხადებები ხელმისაწვდომია ვებგვერდზე.

ინფორმაციას საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.