ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრები საქართველოში შეხვედრებს გამართავენ
თბილისს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრები – კერსტინ ლუნდგრენი, ტიტუს კორლატეანი და ბას კლეინი ეწვევიან. ისინი დღეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძესა და საპარლამენტო ფრაქციების წარმომადგენლებს შეხვდებიან. დღესვე გაიმართება მათი შეხვედრა საგარეო საქმეთა მინისტრთან დავით ზალკალიანთან და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებთან.
საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის თამარ ხულორდავას თქმით, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრების შეხვედრებზე მთავარი განსახილველი საკითხები არჩევნების მეორე ტური, საქართველოში მიმდინარე დემოკრატიული რეფორმები და სასამართლო სისტემაში არსებული მდგომარეობა იქნება.
მონიტორინგის კომიტეტის წევრები შეხვედრებს ხვალაც გამართავენ. დაგეგმილია მათი შეხვედრები საქართველოს მთავარ პროკურორ შალვა თადუმაძესთან, კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარე კახა ბექაურთან, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე ვასილ როინიშვილთან, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს ზაზა თავაძესთან, შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიასთან და იუსტიციის მინისტრს თეა წულუკიანთან.