ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრები ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრებს შეხვდნენ
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრები ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრებს შეხვდნენ

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრები ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრებს შეხვდნენ.

საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრისას ქართველმა კანონმდებლებმა ქვეყანაში დაგეგმილ და მიმდინარე რეფორმებზე ისაუბრეს. ყურადღება გამახვილდა შარლ მიშელის დოკუმენტით გათვალისწინებულ როგორც სასამართლო ასევე, საარჩევნო სისტემის რეფორმაზე და ამ კუთხით, ხელისუფლების მიერ უკვე გადადგმულ ნაბიჯებზე.

მათივე ცნობით, საუბარი ასევე შეეხო ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ ვითარებას. როგორც საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციაშია აღნიშნული, ქართული დელეგაციის წარმომადგენლებმა ევროპელ სტუმრებს, მათ შორის, ხელოვნური პოლიტიკური კრიზისის დასასრულის თაობაზე მიაწოდეს ინფორმაცია.

„ქართული ოცნების ხელისუფლების მხრიდან წამოწყებულია ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმები. საქართველოს ისტორიაში ეს არის უნიკალური შემთხვევა, როდესაც საარჩევნო რეფორმას მხარს უჭერს პრაქტიკულად ყველა რაციონალური პოლიტიკური სუბიექტი. შარლ მიშელის დოკუმენტის შესაბამისად, ჩვენ ასევე ვსაუბრობთ სასამართლო სისტემის რეფორმასთან დაკავშირებით. გვაქვს მზაობა, გავაანალიზოთ გატარებული რეფორმები, რათა კვლავაც დავგეგმოთ ახალი ნაბიჯები“, – განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ დეპუტატმა ირაკლი ჩიქოვანმა.

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრები საქართველოში ორდღიანი ვიზიტით იმყოფებიან. ისინი საქართველოში არსებული მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას მოისმენენ, რის შემდეგაც ქვეყნის შესახებ ანგარიშს მოამზადებენ.

დატოვე კომენტარი