ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის ჯგუფის თანამომხსენებლები საქართველოს პარლამენტის მიერ საკონსტიტუციო ცვლილებების დამტკიცებას მიესალმებიან
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის ჯგუფის თანამომხსენებლები საქართველოს პარლამენტის მიერ საკონსტიტუციო ცვლილებების დამტკიცებას მიესალმებიან

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საქართველოს მონიტორინგის ჯგუფის თანამომხსენებლები ტიტუს კორლატეანი (რუმინეთი) და კლოდ კერნი (საფრანგეთი) საქართველოს პარლამენტის მიერ საკონსტიტუციო ცვლილებების დამტკიცებას მიესალმებიან, რომელიც საერთაშორისო მედიატორების მხარდაჭერით, მიმდინარე წლის მარტში მმართველ უმრავლესობასა და ოპოზიციას შორის იქნა მიღწეული, – ამის შესახებ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის განცხადებაშია აღნიშნული.

„ასამბლეა მუდმივად მოუწოდებდა საქართველოში პროპორციული საარჩევნო სისტემის შემოღებისკენ. ახლა ეს ასეც იქნება 2024 წლის არჩევნებიდან. დამატებით, კონსტიტუციური ცვლილებების მიღების შედეგად, 2020 წლის არჩევნების სისტემა ახლა უფრო პროპორციული იქნება, ვიდრე ეს ადრე იყო, რაც პოტენციურად შესაძლებელს გახდის შეიქმნას უფრო პლურალისტური და წარმომადგენლობითი პარლამენტი. ჩვენ მტკიცედ მივესალმებით ამას“, – ვკითხულობთ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის განცხადებაში.

ამავდროულად, თანამომხსენებლები მწუხარებას გამოთქვამენ, რომ პოლიტიკური შეთანხმების შედეგად, არ მოხდა უფრო ნაკლებად დაძაბული და პოლარიზებული პოლიტიკური გარემოს შექმნა.

„მოვუწოდებთ ყველა მხარეს, მიისწრაფონ თანამშრომლობისკენ წინააღმდეგობის ნაცვლად და კონსტრუქციულად განაგრძონ 8 მარტის პოლიტიკური შეთანხმების დარჩენილი ნაწილის შესრულება. დამატებით, ჩვენ მოვუწოდებთ ყველა მხარეს, თავი შეიკავონ ნებისმიერი განცხადებისა და ქმედებისგან, რომელმაც შესაძლოა, გაამწვავოს დაძაბულობა და პოლარიზაცია ან სხვა მხრივ, ნეგატიურად აისახოს გარემოზე, რომელიც ჭეშმარიტად დემოკრატიული არჩევნების ჩასატარებლად არის საჭირო.

როგორც უკვე განვაცხადეთ, პოლიტიკური შეთანხმება და მისი შედეგი საარჩევნო სისტემა, საქართველოს შესაძლებლობების ფანჯარას სთავაზობს. ჩვენ ვთხოვთ ყველა მხარეს, სრულად გამოიყენონ ეს შესაძლებლობა საქართველოს საუკეთესო ინტერესებისთვის“, – აღნიშნულია განცხადებაში.

განცხადების ბოლოში ნათქვამია, რომ თანამომხსენებლები მომზადებული ანგარიშით საქართველოს ნოემბერში ეწვევიან, რომელსაც შემდგომ ასამბლეის 2021 წლის იანვრის სესიაზე წარადგენენ.

დატოვე კომენტარი