ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა მოუწოდებს საქართველოში ყველა პოლიტიკურ ძალას, ქვეყნის კეთილდღეობა ვიწროპარტიულ სტრატეგიებზე მაღლა დააყენონ
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა მოუწოდებს საქართველოში ყველა პოლიტიკურ ძალას, ქვეყნის კეთილდღეობა ვიწროპარტიულ სტრატეგიებზე მაღლა დააყენონ

ევროპის საპარლამენტო ასამბლეა მიესალმება 2014 წლის შემდეგ საქართველოს მიერ ევროპის საბჭოს წევრობის ვალდებულებებისა და მოვალეობების შესრულების კუთხით „უწყვეტ და თვალსაჩინო პროგრესს“, თუმცა აღნიშნავს, რომ რჩება გარკვეული ხარვეზები და შეშფოთების საკითხები.

ამის შესახებ ნათქვამია ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებულ რეზოლუციაში საქართველოს მიერ ვალდებულებებისა და მოვალეობების შესრულების შესახებ.

დოკუმენტს ასამბლეის 55-მა წევრმა მისცა ხმა, წინააღმდეგ – არავინ წასულა. რეზოლუცია ეფუძნება ასამბლეის წევრების, ტიტუს კორლატინის და კლოს კერნის მიერ მომზადებულ ანგარიშს.

რეზოლუციაში ნათქვამია, რომ საქართველოში „უკიდურესად დაძაბული და პოლარიზებული პოლიტიკური გარემო“ სერიოზულ შეშფოთებას იწვევს. დოკუმენტის თანახმად, ეს იყო „მთავარი დაბრკოლება“ საქართველოს დემოკრატიული კონსოლიდაციისთვის.

რეზოლუცია მოუწოდებს ყველა პოლიტიკურ ძალას, ქვეყნის საერთო კეთილდღეობა დააყენონ ვიწროპარტიულ პოლიტიკურ სტრატეგიებზე მაღლა. საპარლამენტო ასამბლეის წევრები ასახელებენ მთელ რიგ ნაბიჯებს, რომელთა გადადგმა ხელისუფლებას შეუძლია საარჩევნო რეფორმის წინსვლისთვის, საპარლამენტო მეთვალყურეობის გაძლიერებისთვის, სასამართლო სისტემის დამოუკიდბელობის გაძლიერებისთვის, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის გაძლიერებისთვის, მედიის თავისუფლების გაფართოებისა და LGBTI+ თემის დასაცავად.

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ გადაწყვიტა, გააგრძელოს თავისი მონიტორინგის პროცედურა, თუმცა აღნიშნა, რომ მისი რეკომენდაციები მონიტორინგის შემდგომი დიალოგისკენ საქართველოს პროგრესის მკაფიო პერსპექტივას უზრუნველყოფს, თუმცა მხოლოდ ყველა პოლიტიკური ძალის, როგორც მმართველი პარტიის, ისე ოპოზიციის მხრიდან სრული მხარდაჭერისა და პოლიტიკური ნების არსებობის შემთხვევაში და თუ არ იქნება უკუსვლა ან რეგრესი.