ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა გმობს „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი საგამოძიებო კომისიის“ შექმნას
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ საქართველოსთან დაკავშირებით მიღებულ რეზოლუციაში აღნიშნულია, რომ ასამბლეა გმობს „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი საგამოძიებო კომისიის“ შექმნას.
ამასთან, ასამბლეა შეშფოთებულია „საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო პირებისთვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის დაკისრების გამო“.
„ასამბლეა გმობს მმართველი უმრავლესობის გადაწყვეტილებას, შექმნას საპარლამენტო საგამოძიებო კომისია ფართო უფლებამოსილებებით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ (ენმ) რეჟიმისა და მისი პოლიტიკური წარმომადგენლების საქმიანობის შესასწავლად 2003-2012 წლებში“, რომელიც შემდგომში გაფართოვდა და მოიცავს პერიოდს, 2013 წლიდან დღემდე. ის შეშფოთებულია, რომ სისხლის სამართლის პასუხისგებაა დაყენებული „ნაციონალური მოძრაობის“ იმ ყოფილი წევრების, ასევე სხვა პიროვნებების, მათ შორის სხვა ოპოზიციური პარტიებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელების მიმართ, რომლებმაც ამ კომისიის წინაშე გამოცხადებაზე უარი თქვეს.
ამ კონტექსტში ასამბლეა განსაკუთრებით ღრმად შეშფოთებულია მმართველი პარტიის გაცხადებული განზრახვით, აკრძალოს „კოლექტიური ენმ“ და კანონმდებლობის შემოღებით, რომელიც კრძალავს ნებისმიერ მემკვიდრეს ან დაკავშირებულ პარტიებს. შესაშფოთებელია ის ფაქტი, რომ ასამბლეაში ქართული დელეგაციის ყოფილი წევრები დაკითხვაზე არიან მიყვანილი და შესაძლოა, სამართლებრივი დევნა დაემუქროთ 1633 (2008 წ.) რეზოლუციის „საქართველოსა და რუსეთს შორის ომის შედეგების“ მხარდაჭერის გამო. საქართველოში დემოკრატიული ოპოზიციის ფაქტობრივი აკრძალვა იქნება ევროპის საბჭოს წესდებით გათვალისწინებული საქართველოს წევრობის ვალდებულებების უხეში დარღვევა. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ არ არის ძალაში შესული, ასეთი ქმედების მუქარაც კი უკვე აღრმავებს პოლიტიკურ განხეთქილებას ქვეყანაში და ხელს უშლის მიმდინარე კრიზისის მოგვარებას“, – აღნიშნულია რეზოლუციაში.