ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეებმა გენერალური მდივნის 25-ე ანგარიში „კონფლიქტი საქართველოში“ განიხილეს, რომელიც საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ვითარებას აღწერს
ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეებმა გენერალური მდივნის 25-ე ანგარიში „კონფლიქტი საქართველოში“ განიხილეს, რომელიც საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ვითარებას აღწერს

ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების დღევანდელ სხდომაზე განხილული იყო ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის 25-ე კონსოლიდირებული ანგარიში – „კონფლიქტი საქართველოში“. ინფორმაციას აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს საგარეო უწყება ავრცელებს.

უწყების ცნობით, სხდომაში მონაწილეობა მიიღო და დამსწრეებს სიტყვით მიმართა საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, ლაშა დარსალიამ.

საგარეო უწყების ინფორმაციით, გენერალური მდივნის 25-ე კონსოლიდირებული ანგარიში აღწერს 2021 წლის ოქტომბრიდან 2022 წლის მარტის ჩათვლით რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონებში და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ უსაფრთხოების, ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული კუთხით არსებულ მძიმე მდგომარეობას.

„ანგარიში საუბრობს ე.წ. „ბორდერიზაციის“ უკანონო პროცესზე, თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვაზე და რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონებში ადამიანის უფლებების სხვა მძიმე დარღვევებზე, როგორიცაა, მათ შორის, მშობლიურ ენაზე განათლების აკრძალვა, რაც იწვევს ადგილზე ვითარების ესკალაციას. ანგარიში ხაზს უსვამს, რომ ე.წ. გადასასვლელი პუნქტების დახურვა უარყოფით გავლენას ახდენს განსაკუთრებით ახალგორის რაიონში მცხოვრებთა სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაზე. ანგარიშში საუბარია ასევე უკანონო დაკავებების ფაქტებზე, მათ შორის დასახელებულია ირაკლი ბებუას უკანონოდ დაკავება და ხაზგასმულია, რომ ქართულმა მხარემ დააყენა მისი დაუყოვნებლივი გათავისუფლების საკითხი.

მნიშვნელოვანია, რომ ანგარიში ხაზს უსვამს არჩილ ტატუნაშვილის, გიგა ოთხოზორიას, დავით ბაშარულის, ირაკლი კვარაცხელიას და ინალ ჯაბიევის სიცოცხლის ხელყოფის შემთხვევებზე მართლმსაჯულების აღსრულების მნიშვნელობას და აღნიშნავს, რომ ამ მხრივ პროგრესი არ მიღწეულა.

გენერალური მდივნის ანგარიში აღნიშნავს ასევე, რომ წინსვლა არ არის იძულებით გადაადგილებულ პირთა ღირსეული და უსაფრთხო დაბრუნების კუთხით. აქვე, მიმოიხილავს მათთვის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების და ინტეგრაციის ხელშეწყობის მიზნით საქართველოს ხელისუფლების მიერ განხორციელებულ აქტივობებს.

ამასთანავე, ანგარიში ყურადღებას ამახვილებს საქართველოს მთავრობის სამშვიდობო ინიციატივებზე“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

საგარეო უწყების ცნობით, ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების წინაშე სიტყვით გამოსვლისას საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ ისაუბრა რუსეთის მიერ საერთაშორისო სამართლის პრინციპების უგულებელყოფაზე და ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურის წინაშე არსებულ გამოწვევებზე. მინისტრის პირველმა მოადგილემ დაგმო უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესია, რაც საერთაშორისო სამართლის ძირითადი პრინციპების, მათ შორის საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის, გაერო-ს ქარტიის, ჰელსინკის დასკვნითი აქტისა და ევროპის საბჭოს წესდების უხეში დარღვევაა. კიდევ ერთხელ დაადასტურა უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მიმართ საქართველოს სოლიდარობა და ურყევი მხარდაჭერა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და მიესალმა საერთაშორისო თანამეგობრობის, მათ შორის ევროპის საბჭოს ერთიან მიდგომებს რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ.

როგორც საგარეო უწყებაში აღნიშნავენ, კონსოლიდირებული ანგარიშის განხილვის ფარგლებში, სხდომის მონაწილეებს მინისტრის პირველმა მოადგილემ მიაწოდა დეტალური ინფორმაცია რუსეთის მიერ საქართველოს რეგიონების ოკუპაციასა და ადგილზე უსაფრთხოების, ადამიანის უფლებების და ჰუმანიტარული კუთხით არსებულ მძიმე ვითარებაზე, რაც კიდევ უფრო შემაშფოთებელია უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის ფონზე.

„მინისტრის მოადგილემ ყურადღება გაამახვილა უკანონო მილიტარიზაციაზე, დე-ფაქტო ანექსიისკენ გადადგმულ ნაბიჯებზე, საოკუპაციო ხაზის უკანონო გამაგრების ფაქტებზე, უკანონო დაკავებებზე და ადამიანის უფლებების სხვა მძიმე დარღვევებზე, ქართველების მიმართ განხორციელებულ ეთნიკური დისკრიმინაციაზე, მათ შორის, მშობლიურ ენაზე განათლების მიღების აკრძალვაზე.

ლაშა დარსალიამ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქეების, მათ შორის, ირაკლი ბებუას და მამუკა ჩხიკვაძის დაუყოვნებელი გათავისუფლების მნიშვნელობაზე. მინისტრის მოადგილის თქმით, რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის მიერ საქართველოს მოქალაქეების გატაცებამ და უკანონო დაკავებამ არაერთხელ დაადასტურა რუსული ოკუპაციის სისასტიკე. ამ მხრივ, აღნიშნა უკანონო დაკავების დროს ჯანმრთელობის მდგომარეობის გართულების შედეგად გენადი ბესტაევის გარდაცვალება.

სხდომაზე მინისტრის პირველმა მოადგილემ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი საქართველოს მთავრობის მიერ კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პოლიტიკისადმი ერთგულებას და საერთაშორისო საზოგადოების უფრო გაბედული და პრინციპული ქმედებების მნიშვნელობას რეგიონში უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში აღნიშნავენ, კონსოლიდირებული ანგარიშის – „კონფლიქტი საქართველოში“ განხილვისას მხარდამჭერი განცხადებები გავრცელდა ევროკავშირის და სუამ-ის სახელით.

„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მიესალმება ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის 25-ე კონსოლიდირებულ ანგარიშს და ხაზს უსვამს აღნიშნული საკითხის ევროპის საბჭოს პოლიტიკურ დღის წესრიგში შენარჩუნების მნიშვნელობას“, – აღნიშნულია საქართველოს საგარეო უწყების ინფორმაციაში.