ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა რუსეთიდან დეპორტირებულების საქმეზე იუსტიციის სამინისტროს მოთხოვნა დააკმაყოფილა
ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა რუსეთიდან დეპორტირებულების საქმეზე იუსტიციის სამინისტროს მოთხოვნა დააკმაყოფილა

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა გაიზიარა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს პოზიცია და უახლოეს სხდომაზე  გაძლიერებული ზედამხედველობის პროცედურით განიხილავს  რუსეთიდან დეპორტირებულების საქმეს, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.

საქმე ეხება სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებას, რომლითაც რუსეთის ფედერაციას 10 მილიონი ევროს ოდენობის კომპენსაციის გადახდა დაეკისრა 2006 წლის შემოდგომაზე რუსეთის ფედერაციიდან მასობრივი დეპორტაციისა და ადამიანის უფლებების უხეში დარღვევების მსხვერპლთათვის.

„საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ  ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტს 2 მაისს მიმართა. იმის გათვალისწინებით, რომ  რუსეთმა არ გადაიხადა დაკისრებული თანხა სასამართლოს მიერ დადგენილ 3-თვიან ვადაში (2019 წლის პირველ მაისამდე) საქართველომ კომიტეტისაგან საქმის გაძლიერებული ზედამხედველობის პროცედურით განხილვა და დებატების გამართვა მოითხოვა.  კომიტეტს აგრეთვე ეთხოვა ამ ვალდებულების შეუსრულებლობასთან დაკავშირებით რუსეთისაგან ოფიციალური განმარტების მიღება.

მინისტრთა კომიტეტმა მთლიანად გაიზიარა ქართული მხარის პოზიცია და რაკი რუსეთის მთავრობამ არ წარუდგინა კომიტეტს არგუმენტაცია სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შეუსრულებლობასთან დაკავშირებით, ე.წ. დეპორტირებულების საქმეზე დებატები უახლოეს სხდომაზე ჩანიშნა“, – ნათქვამია იუსტიციის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ე.წ. დეპორტირებულების საქმეზე გადაწყვეტილება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდმა პალატამ 2019 წლის 31 იანვარს გამოაცხადა, რომლის მიხედვითაც  საქართველომ რუსეთს დავა კომპენსაციის ნაწილშიც მოუგო. სტრასბურგის სასამართლომ რუსეთის ფედერაციას საქართველოს სასარგებლოდ 10 მილიონი ევროს ოდენობის კომპენსაციის გადახდა დაავალა. ეს თანხა განაწილდება 2006 წლის შემოდგომაზე რუსეთის ფედერაციიდან მასობრივი დეპორტაციისა და ადამიანის უფლებების უხეში დარღვევების მსხვერპლ პირებზე.

იუსტიციის სამინისტრო აცხადებს, რომ ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის ფარგლებში საგარეო საქმეთა სამინისტროსთან ერთად, იუსტიციის სამინისტრო მიმართავს ყველა ზომას, რათა რუსეთის ფედერაციამ შეასრულოს სტრასბურგის სასამართლოს მიერ დაკისრებული ვალდებულებები.

დატოვე კომენტარი