ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა, „ევროპის საბჭო და კონფლიქტი საქართველოში“ ფარგლებში, მორიგი გადაწყვეტილება მიიღო
ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა, „ევროპის საბჭო და კონფლიქტი საქართველოში“ ფარგლებში, მორიგი გადაწყვეტილება მიიღო

2020 წლის 21 ოქტომბერს ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის სხდომაზე დღის წესრიგის საკითხის – „ევროპის საბჭო და კონფლიქტი საქართველოში“ ფარგლებში, მიღებულ იქნა მორიგი, მეშვიდე გადაწყვეტილება, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

საგარეო უწყების ინფორმაციით, წინა გადაწყვეტილებების მსგავსად, დღეს მიღებულ დოკუმენტში, კიდევ ერთხელ დაფიქსირდა ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ყურადღება გამახვილდა რუსეთის საერთაშორისო სამართლებრივ ვალდებულებებზე, როგორც ქვეყნისა, რომელიც ახორციელებს ეფექტურ კონტროლს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე.

„ხაზგასასმელია, რომ გადაწყვეტილება წარმოადგენს მნიშვნელოვან სამართლებრივ და პოლიტიკურ დოკუმენტს, რომლითაც  საერთაშორისო საზოგადოების მიერ ხდება საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული უმძიმესი ვითარების შესაბამისი შეფასება და იმ გარემოების ხაზგასმა, რომ რუსეთის ფედერაციის სამხედრო ყოფნა საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში, საფრთხეს უქმნის მშვიდობასა და უსაფრთხოებას მთელ რეგიონში, არღვევს საერთაშორისო ვალდებულებებს, მათ შორის ევროკავშირის შუამავლობით ხელმოწერილ 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას.

მინისტრთა კომიტეტის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაში ყურადღება გამახვილებულია რუსეთის აგრესიის შემდგომ 12-წლიან პერიოდზე და შეფასებულია რუსეთის ფედერაციის უკანონო ქმედებები, რაც ადგილზე ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული კუთხით მძიმე მდგომარეობას ქმნის. ხაზგასმულია, რომ რუსეთის ფედერაციის მიერ შექმნილი მუდმივი დაბრკოლებების, მათ შორის ადგილზე რუსეთის სამხედრო ნაწილების ყოფნის გამო, საქართველო ვერ ახორციელებს ლეგიტიმურ იურისდიქციას საკუთარ რეგიონებში.

მნიშვნელოვანია, რომ წინა გადაწყვეტილებების მსგავსად, წელსაც მკაფიოდ დაფიქსირებულია,  რომ არსებული კონფლიქტი არის ევროპის საბჭოს ორ წევრ ქვეყანას, რუსეთსა და საქართველოს შორის.

გადაწყვეტილებაში ასევე აღნიშნულია, რომ რუსეთის ფედერაციის მიერ განხორციელებული უკანონო ქმედებები, მათ შორის გახშირებული სამხედრო წვრთნები და შესაბამისი ინფრასტრუქტურის გაძლიერება, საქართველოს რეგიონებთან ე.წ. ხელშეკრულებების დადება, ცხინვალის რეგიონის სამხედრო დაჯგუფებების რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების შემადგენლობასთან შერწყმა, ე.წ. ძალოვანი სტრუქტურების საინფორმაციო და საკოორდინაციო გაერთიანებული ცენტრების შექმნა, ე.წ. საბაჟო პუნქტების ფუნქციონირება საქართველოს ორივე რეგიონში, ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის გასწვრივ უკანონო ბარიერებისა და მავთულხლართების ინსტალაცია, მათ შორის გუგუთიანთკარისა და ჩორჩანა/წნელისის არეალში ხელოვნური ბარიერების უკანონო აღმართვა ხელს უშლის კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებას და რეგიონში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის გამყარებისაკენ მიმართულ ძალისხმევას.

დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ რუსეთის მიერ ჩადენილ უკანონო ქმედებებს, რაც საქართველოს ორი რეგიონის სტატუსის შეცვლისკენ არის მიმართული, მათ შორის ე.წ. პასპორტების გაცემას და უცხოელი რეზიდენტების სტატუსის შემოღებას, არ გააჩნია არავითარი სამართლებრივი ძალა.

მინისტრთა კომიტეტი გადაწყვეტილებაში გამოხატავს შეშფოთებას იმ დაუსჯელობის გამო, რაც ახლავს დავით ბაშარულის, გიგა ოთხოზორიასა და არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების ფაქტებს. ასევე, გამოხატავს შეშფოთებას აფხაზეთის რეგიონში რუსეთის სამხედრო ბაზაზე საქართველოს მოქალაქის, ირაკლი კვარაცხელიას გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვალების გამო. ამასთანავე, ყურადღება გამახვილებულია საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებულ „ტატუნაშვილი-ოთხოზორიას სიაზე“ და საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებაზე დააწესოს შემზღუდავი ზომები იმ პირთა მიმართ, ვინც პასუხისმგებელია აფხაზეთისა და ცხინვალის/სამხრეთ ოსეთის რეგიონებში ადამიანის უფლებათა სერიოზულ დარღვევებზე.

გადაწყვეტილებაში გამოხატულია შეშფოთება საქართველოს ორივე რეგიონში ადამიანის უფლებების მდგომარეობის გაუარესების გამო. მათ შორის აღნიშნულია ეთნიკური წარმომავლობის ნიშნით ქართველების დისკრიმინაციის გახშირებული ფაქტები, მათ მიმართ დამატებითი შეზღუდვების დაწესების გზით გაიარონ რეგისტრაცია უცხოელი რეზიდენტის სტატუსით, ან/და შეიცვალონ სახელები და ეთნიკური იდენტობა.

დოკუმენტი მკაცრად გმობს, აფხაზეთის რეგიონში გადაადგილების შეზღუდვებს და ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთი „გამშვები პუნქტების“ ხანგრძლივ დაკეტვას, რის გამოც უმძიმეს ჰუმანიტარულ ვითარებაში უწევს ცხოვრება ადგილობრივ მოსახლეობას.

დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ იძულებით გადაადგილებული პირები კვლავ მოკლებულნი არიან საკუთარ ფუნდამენტურ უფლებების განხორციელებას, ღირსეულად და უსაფრთხოდ დაუბრუნდნენ საკუთარ საცხოვრებელ სახლებს. აქვე, გამოხატულია შეშფოთება ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთი იძულებით გადაადგილებულ პირთა მათი კუთვნილი სახლების განადგურების გამო, რაც საკუთრების უფლების დარღვევას წარმოადგენს.

დოკუმენტი მკაცრად გმობს აფხაზეთის რეგიონში უკანონოდ მიღებულ გადაწყვეტილებას სიკვდილით დასჯის შემოღებასთან დაკავშირებით.

მინისტრთა კომიტეტი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ხელშესახები შედეგების მისაღწევად ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებს მაღალი პრიორიტეტულობა გააჩნია. ამავდროულად, გამოთქმულია შეშფოთება 2018 წლის ივნისიდან გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფუნქციონირების შეჩერებასთან დაკავშირებით. დოკუმენტი მიესალმება 2020 წლის 30 ივლისს ერგნეთის IPRM–ის განახლებას და ხაზს უსვამს IPRM–ის ფუნქციონირების მნიშვნელობას.

მიღებული გადაწყვეტილებით, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტი ხაზს უსვამს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით ადამიანის უფლებათა და ფუნდამენტურ თავისუფლებათა დაცვის მნიშვნელობას  და კიდევ ერთხელ მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, როგორც საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის/სამხრეთ ოსეთი რეგიონებში ეფექტური კონტროლის განმახორციელებელ ძალას, შექმნას ყველა პირობა საკუთარ სახლებში იძულებით გადაადგილებულ პირთა უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნებისთვის; შეწყვიტოს ეთნიკური დისკრიმინაციის ყველა ფორმა გალისა და ახალგორის ქართველი მოსახლეობის მიმართ, უცხოელი რეზიდენტის სტატუსით რეგისტრაციისა და სახელის შეცვლის მოთხოვნის ჩათვლით; მოხსნას ყველა წინააღმდეგობა საქართველოს მოქალაქეების გარდაცვალების ფაქტების ობიექტური გამოძიებისა და დამნაშავე პირთა დასჯის მიზნით; დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ადამიანის უფლებების დარღვევისკენ მიმართული პოლიტიკა; მოხსნას შეზღუდვები ადმინისტრაციულ ხაზზე გადაადგილების თავისუფლების უზრუნველსაყოფად, მათ შორის სამედიცინო და საგანმანათლებლო მიზნებით, შეწყვიტოს სამედიცინო ევაკუაციის აკრძალვა, განსაკუთრებით Covid-19-ის პანდემიის ფონზე, შეწყვიტოს პირთა უკანონო დაკავება, მათ შორის ე.წ. „საზღვრის უკანონო კვეთის“ ბრალდებით და გახსნას ე.წ. გამშვები პუნქტები; უზრუნველყოს ქართულ ენაზე განათლების მიღების უფლება და შეაჩეროს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების მდგომარეობის შემდგომი გაუარესება საქართველოს რეგიონებში.

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტი მხარდაჭერას გამოხატავს საქართველოს მთავრობის სამშვიდობო ინიციატივის „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ და პროგრამის „მშვიდობის ფონდი უკეთესი მომავლისთვის“ მიმართ, რაც წარმოადგენს საქართველოს მტკიცე ვალდებულებას, ხელი შეუწყოს ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის ორივე მხარეზე მცხოვრები საზოგადოებებს შორის შერიგებასა და თანამშრომლობას.

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტი მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, უზრუნველყოს ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვისა და მონიტორინგის ორგანოების დაუყოვნებლივი და შეუზღუდავი შესვლა საქართველოს მთავრობის კონტროლს მიღმა დარჩენილ ტერიტორიებზე.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მიესალმება ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის მორიგ გადაწყვეტილებას საქართველოში კონფლიქტთან დაკავშირებით და მადლობას უხდის ევროპის საბჭოს წევრ ქვეყნებს ურყევი მხარდაჭერისა და თანამშრომლობისათვის“, – აღნიშნულია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაში.