ევროპის საბჭოს მინისტერიალის ფარგლებში, ილია დარჩიაშვილი მალტის საგარეო, ევროპულ და ვაჭრობის მინისტრს შეხვდა
ევროპის საბჭოს მინისტერიალის ფარგლებში, ილია დარჩიაშვილი მალტის საგარეო, ევროპულ და ვაჭრობის მინისტრს შეხვდა

ევროპის საბჭოს მინისტერიალის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა ტურინში შეხვედრა გამართა მალტის საგარეო, ევროპულ და ვაჭრობის მინისტრ იან ბორგთან.

შეხვედრაზე მინისტრებმა აღნიშნეს ორი ქვეყნის გამორჩეულად მეგობრული ურთიერთობა, რაც აისახება როგორც ორმხრივ, ასევე მრავალმხრივ ფორმატებში სხვადასხვა საკითხზე კონსტრუქციულ თანამშრომლობაში.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა მალტის მხრიდან საქართველოს მხარდაჭერას ევროპული მისწრაფებებისა და მომავლის მიმართ. ამ კონტექსტში, მალტის მხრიდან აღინიშნა ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს წარმატებული შედეგები და გამოითქვა იმედი, რომ ევროკავშირის და პარტნიორი ქვეყნების მხრიდან მხარდაჭერილი იქნება როგორც საქართველოს პროგრესი, ასევე მისი შემდგომი ინტეგრაციული მისწრაფება.

ამ მხრივ, განსაკუთრებით ხაზი გაესვა ქვეყნის საგარეო პოლიტიკური მისწრაფების მიმართ მოსახლეობის მზარდ მხარდაჭერას. მინისტრებმა ასევე განიხილეს ევროპული ინტეგრაციის პროცესში მალტის გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობა. მიმოიხილეს რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო და გამოწვევები. განსაკუთრებით ხაზი გაესვა მალტის ურყევ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის კონტექსტში, ხაზი გაესვა საერთაშორისო თანამეგობრობის კონსოლიდაციის მნიშვნელობას და ურთიერთმხარდაჭერას სხვადასხვა საერთაშორისო ფორუმებზე, სადაც ყოველთვის გამოირჩევა მალტის პოზიცია. ამ კონტექსტში, მინისტრებმა დადებითად შეაფასეს ორი ქვეყნის თანამშრომლობა ევროპის საბჭოს ფარგლებში და ხაზი გაუსვეს რუსეთ-საქართველოს კონფლიქტზე ორგანიზაციის ფარგლებში მიღებულ გადაწყვეტილებებსა და რეზოლუციებს.

ორმხრივ ურთიერთობებზე საუბრისას, მიმოიხილეს თანამშრომლობის განვითარების პოტენციური სფეროები და ყურადღება გამახვილდა საზღვაო სფეროში გამოცდილების გაზიარებისა და თანამშრომლობის კარგ პრაქტიკაზე. ილია დარჩიაშვილმა მადლობა გადაუხადა მალტის მხარეს მალტის დიპლომატიურ აკადემიასთან საქართველოს მრავალწლიანი ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის. მინისტრები შეთანხმდნენ მაღალი დონის კავშირების გააქტიურებაზე, მათ შორის ვიზიტების განხორციელების მხრივ.

ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.