ევროპის საბჭოს კვლევის მიხედვით, საქართველოში სასამართლო შენობების უმეტესობას სჭირდება მოდიფიცირება შშმ პირთა მისაწვდომობისა და სერვისების მიმართულებით
ევროპის საბჭოს კვლევის მიხედვით, საქართველოში სასამართლო შენობების უმეტესობას სჭირდება მოდიფიცირება შშმ პირთა მისაწვდომობისა და სერვისების მიმართულებით

ევროპის საბჭომ წარადგინა კვლევის ძირითადი მიგნებები და რეკომენდაციები, რომელიც ეხებოდა „სასამართლო შენობების მისაწვდომობის შეფასებას შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის“. ორგანიზატორების ინფორმაციით, ასეთი კვლევა საქართველოში პირველად ჩატარდა. პრეზენტაციას დაესწრნენ სასამართლოს, ხელისუფლებისა და თბილისის მერიის წარმომადგენლები, ასევე სამოქალაქო აქტივისტები და მედია.

დამსწრე აუდიტორიას სიტყვით მიმართეს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა მზია თოდუამ, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა გიორგი მიქაუტაძემ და ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა კრისტიან ურსემ.

ავტორების ცნობით, კვლევის შედეგები ეყრდნობა 65 სასამართლო შენობის შეფასებას მთელი ქვეყნის მასშტაბით: ჩატარდა 40 შენობის სისტემური აუდიტი და პარალელურად, 25 სასამართლო შეფასდა საველე სამუშაოების ჩასატარებელი კითხვარის მეშვეობით, რომელიც საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით შემუშავდა.

„კვლევაზე დაყრდნობით, სასამართლოთა უმეტესობას სჭირდება მოდიფიცირება, მათი სერვისებისა და შენობების მისაწვდომობისათვის. თუმცა, სისტემის წინაშე დგას ბევრი გამოწვევა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანებისთვის შენობების მისაწვდომობისა და სერვისების კუთხით, რომლებიც არ პასუხობს საერთაშორისო სტანდარტებსა და კრიტერიუმებს.

ფიზიკური შეზღუდვის მქონე პირებისათვის სერვისები მისაწვდომია რამდენიმე სასამართლოში, თუმცა სენსორული შეზღუდვის მქონე პირებს ასეთი შესაძლებლობა არც ერთ სასამართლოში არ აქვთ. სასამართლო შენობების ძალიან დიდ ნაწილს არ უკავშირდება მისაწვდომი მუნიციპალური ტრანსპორტი. შენობების უმეტესობას არ გააჩნია ორგანიზებული ეზო და პარკინგი, რომლებიც შშმ პირებს მისცემს შენობამდე უსაფრთხოდ და შეუფერხებლად გადაადგილების საშუალებას. ასევე, აღსანიშნავია საინფორმაციო დაფების, საინფორმაციო ნიშნების, გზის მანიშნებლებისა და ტაქტილური რუკების არარსებობა. შენობებში განთავსებული საინფორმაციო სერვისები, მათ შორის, თანამშრომლებთან კომუნიკაციის საშუალებები, საჩივრის ყუთები და ტაბლოები მიუწვდომელია შშმ პირებისთვის“, – აცხადებენ კვლევის ავტორები.

მათივე ცნობით, ყველა სასამართლო შენობაში გამოწვევაა მისაწვდომი სასამართლო შენობების პანდუსები, ასევე, შიდა და გარე კიბეები, ძირითადად, არ აკმაყოფილებს მისაწვდომობის დამტკიცებულ სტანდარტს.

„კვლევა ჩატარდა სასამართლო რეფორმის მხარდასაჭერად, რომლის ერთ-ერთი მიზანია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანების მისაწვდომობის გაზრდა სასამართლო სისტემაზე.

ანგარიში მოამზადა ორგანიზაციამ „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ (PHR), ევროპის საბჭოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მხარდაჭერით. ღონისძიება გაიმართა ევროპის საბჭოს პროექტის – „სასამართლო რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში“ – ფარგლებში, რომელიც ფინანსდება ბულგარეთის, ლიხტენშტაინის სამეფოს, ლიეტუვის რესპუბლიკის, ლატვიის, ნორვეგიის, სლოვაკეთის რესპუბლიკისა და შვედეთის კეთილი ნების შემოწირულობებით, რისი მიზანიცაა ევროპის საბჭოს 2016-2019 წლების სამოქმედო გეგმის განხორციელება“, – აღნიშნავენ კვლევის ავტორები.