ევროპის საბჭოს კონგრესში საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელმა კახა კალაძემ და მოლდოვის თვითმმართველობათა კონგრესის პრეზიდენტმა ტატიანა ბადანმა კიევის მერს მიმართვა გაუგზავნეს
ევროპის საბჭოს კონგრესში საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელმა კახა კალაძემ და მოლდოვის თვითმმართველობათა კონგრესის პრეზიდენტმა ტატიანა ბადანმა კიევის მერს მიმართვა გაუგზავნეს

ევროპის საბჭოს კონგრესში საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელმა, თბილისის მერმა, საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის (NALAG) პრეზიდენტმა კახა კალაძემ და მოლდოვის ადგილობრივ თვითმმართველობათა კონგრესის (CALM) პრეზიდენტმა, სელმეტის მერმა ტატიანა ბადანმა კიევის მერს, უკრაინის ქალაქთა ასოციაციის პრეზიდენტ ვიტალი კლიჩკოს მიმართვა გაუგზავნეს, – ინფორმაციას საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაცია ავრცელებს.

„ბატონო მერო, ჩვენ, მერები საქართველოდან და მოლდოვიდან, თქვენს გვერდით ვდგავართ, უკრაინისა და მთელი ევროპისთვის ამ რთულ ჟამს. თავზარდაცემულები და დამწუხრებულები ვართ ჩვენი საყვარელი ქალაქის, კიევის და უკრაინის სხვა ქალაქების მძიმე დაბომბვის კადრების ნახვით.

ჩვენი ქვეყნების ყველა მოქალაქე წუხს თქვენი უდანაშაულო მოქალაქეებისთვის თავს დატეხილი უბედურების გამო და გამოხატავს თანაგრძნობას ამ საშინელი ომის მსხვერპლთა მიმართ.

ასეთი არაადამიანური ქმედებები დაუშვებელია 21-ე საუკუნის ევროპაში.

ბატონო მერო, ჩვენზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა თქვენმა მამაცმა მეთაურობამ და უკრაინელი ხალხის გმირობამ. ჩვენ გვჯერა, რომ უკრაინა მტკიცედ იდგება თავისუფლების, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში. ჩვენ, ადგილობრივი პოლიტიკური ლიდერები საქართველოდან და მოლდოვიდან მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას ცეცხლის შეწყვეტისკენ, უკრაინის სუვერენული ტერიტორიიდან ჯარების გაყვანისკენ, არა ომის, არამედ მოლაპარაკებების გზით, პრობლემების მოგვარებისკენ.
ჩვენი ფიქრებით, გულითა და ლოცვებით თქვენთან და უკრაინელ კოლეგებთან ვართ“, – ნათქვამია წერილში, რომელსაც კახა კალაძე და ტატიანა ბადანი აწერენ ხელს.