ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი - მჯერა, რომ საქართველოს თავმჯდომარეობა ძალზედ წარმატებული იქნება
ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი - მჯერა, რომ საქართველოს თავმჯდომარეობა ძალზედ წარმატებული იქნება

მჯერა, რომ საქართველოს თავმჯდომარეობა ძალზედ წარმატებული იქნება, – ამის შესახებ ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა, მარია პეინჩინოვიჩ ბურიჩმა განაცხადა. ბურიჩმა მაღალი შეფასება მისცა საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს კორუფციასთან ბრძოლის, გენდერულ საკითხებთან და ბავშვთა უფლებებთან მიმართებაში.

გენერალური მდივანი ასევე შეეხო საქართველოსთვის ევროპის საბჭოს 2020-2023 წლების სამოქმედო გეგმის საკითხს და აღნიშნა, რომ სამოქმედო გეგმა ძალზედ მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია, რომელიც საქართველოს საჭიროებებსა და ევროპის საბჭოს პრიორიტეტებს ასახავს.

„მე მჯერა, რომ საქართველოს თავმჯდომარეობა ძალზედ წარმატებული იქნება და ველი მინისტრის ვიზიტს სტრასბურგში, რათა 27 ნოემბერს საქართველომ თავმჯდომარეობა გადაიბაროს. მოხარული ვარ, რომ საქართველომ თავის თავმჯდომარეობის პრიორიტეტებში ადმიანის უფლებების დაცვისა და კანონის უზენაესობის საკითხებთან ერთად, გარემოს დაცვის პრიორიტეტი გამოყო. საყურადღებოა, რომ თავმჯდომარე ქვეყანამ პირველად გამოყო გარემოს დაცვის თემატიკა თავის პრიორიტეტებში, რაც ხაზს უსვამს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია აღნიშნულ საკითხებზე საზოგადოების ინფორმირებულობისა და გათვითცნობიერების ამაღლება“, – აღნიშნა გენერალურმა მდივანმა.

მარია პეინჩინოვიჩ ბურიჩმა ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ ამ რანგში ეს მისი პირველი ოფიციალური ვიზიტია ევროპის საბჭოს წევრ სახელმწიფოში და მადლობა გადაუხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ვიზიტის ორგანიზებისთვის.

ბურიჩის თქმით, საქართველოს ორგანიზაციაში გაწევრიანების 20 წლის იუბილე შესანიშნავად დაემთხვა საქართველოს ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარეობას და მისი ვიზიტის ძირითადი ამოცანა საქართველოს თავმჯდომარეობის მომზადებაა.

როგორც ცნობილია, ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი ამზადებს კონსოლიდირებულ ანგარიშს „კონფლიქტი საქართველოში“, რომლის მეშვეობითაც ევროპის საბჭო ახდენს საერთაშორისო საზოგადოების ინფორმირებას საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების კუთხით არსებულ მდგომარეობაზე.

„მოგეხსენებათ, ჩვენ ვახორციელებთ ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მდგომარეობის მუდმივ მონიტორინგს და მინდა, გამოვხატო შეშფოთება ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოებასა და ჰუმანიტარულ მდგომარეობასთან დაკავშირებით. ჩემი კონსოლიდირებული ანგარიში მიმართული იქნება არსებული სიტუაციის დამშვიდებაზე და საკითხის მშვიდობიან მოგვარებაზე, რაც მნიშვნელოვანია როგორც საქართველოსთვის, ასევე ევროპის საბჭოსთვის და ზოგადად ევროპისთვის“, – განაცხადა გენერალურმა მდივანმა დავით ზალკალიანთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე.

დატოვე კომენტარი