ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი ალენ ბერსე საქართველოს ოფიციალურ ვიზიტით დღეს, 18 დეკემბერს ეწვევა
ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი ალენ ბერსე საქართველოს ოფიციალურ ვიზიტით დღეს, 18 დეკემბერს ეწვევა

ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი ალენ ბერსე თბილისს ოფიციალურ ვიზიტით 18 დეკემბერს ეწვევა.

როგორც ევროპის საბჭოს მიერ ვიზიტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, დელეგაციის შემადგენლობაში ასევე არიან ადამიანის უფლებებისა და სამართლის უზენაესობის გენერალური დირექტორი და დემოკრატიისა და ადამიანის ღირსების გენერალური დირექტორი.

მათივე ინფორმაციით, ვიზიტის მიზანია, უზრუნველყოს ევროპის საბჭოსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის გაგრძელების პირობები.

„ეს ვიზიტი იმართება იმ პოლიტიკურ და სოციალურ კონტექსტში, რომელსაც ძლიერი დაძაბულობა, პოლიტიკური დებატების უკიდურესი პოლარიზაცია და ბოლო კვირების განმავლობაში ძალადობის შემთხვევები ახასიათებს. ვიზიტის მიზანია, უზრუნველყოს ევროპის საბჭოსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის გაგრძელების პირობები, ორგანიზაციის ღირებულებებისა და პრინციპების სრული დაცვით.

ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნის სტატუსით 1999 წლიდან, საქართველოს ევალება თავისი ფუნდამენტური ვალდებულებების პატივისცემა: დემოკრატიის, ადამიანის უფლებების დაცვისა და სამართლის უზენაესობის უზრუნველყოფა. ეს პრინციპები, რომლებიც ევროპის საბჭოს სტატუტსა და ადამიანის უფლებების ევროპულ კონვენციაში (ECHR) არის განმტკიცებული, აუცილებელია ევროპაში სტაბილურობისა და მშვიდობისთვის. გენერალურმა მდივანმა ბოლო სატელეფონო საუბრებისას, საქართველოს პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრთან, ეს გზავნილი სრული სიცხადით კიდევ ერთხელ გაიმეორა“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

ამასთან, ინფორმაციაში ნათქვამია, რომ ამჟამინდელი დაძაბული და შემაშფოთებელი ვითარების ფონზე, ევროპის საბჭო ყველა მხარეს მოუწოდებს, თავი შეიკავონ დაძაბულობის ესკალაციისგან.

„იგი ხელისუფლებას მოუწოდებს, თავი აარიდოს არაპროპორციული ძალის გამოყენებას და პატივი სცეს ფუნდამენტურ თავისუფლებებს, განსაკუთრებით გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებას. ამ პრინციპების დაცვა აუცილებელია ქვეყნის სტაბილურობის უზრუნველსაყოფად და ქართველი ხალხის მოლოდინების გასამართლებლად.

2024-2027 წლების სამოქმედო გეგმა, რომელიც შემუშავდა საქართველოს ხელისუფლებასთან პარტნიორობით და დამტკიცდა ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის მიერ 2023 წლის 18 ოქტომბერს, მიზნად ისახავს დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებას, ადამიანის უფლებების ხელშეწყობას და სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის უზრუნველყოფას. ევროპის საბჭო მზადაა, ეს მხარდაჭერა ადგილზე არსებულ რეალობას მოარგოს და ამ პროცესში აქტიურად ჩართოს სამოქალაქო საზოგადოება. მისი პრიორიტეტები ეროვნული რეფორმების პროგრამაში უნდა აისახოს.

გენერალური მდივანი მიესალმება ნიკა გვარამიასა და ალეკო ელისაშვილის გუშინდელ გათავისუფლებას და გეგმავს შეხვედრას მათთან, ასევე ოპოზიციის სხვა წარმომადგენლებსა და სამოქალაქო საზოგადოების წევრებთან. ის კიდევ ერთხელ ადასტურებს თავის მხარდაჭერას საქართველოს ევროპული მისწრაფებების მიმართ“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.