ევროპის საბჭო დმანისში საქართველოს პირველი არხის გადამღებ ჯგუფზე თავდასხმის ფაქტს ეხმაურება
ევროპის საბჭო დმანისში საქართველოს პირველი არხის გადამღებ ჯგუფზე თავდასხმის ფაქტს ეხმაურება

ევროპის საბჭოს ჟურნალისტიკის დაცვისა და ჟურნალისტების უსაფრთხოების პლატფორმა დმანისში საქართველოს პირველი არხის გადამღებ ჯგუფზე თავდასხმის ფაქტს ეხმაურება.

ევროპის საბჭოს ჟურნალისტიკის დაცვისა და ჟურნალისტების უსაფრთხოების პლატფორმის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა სტატია 17 მაისს დმანისში მომხდარი ინციდენტის შესახებ, როდესაც დაუდგენელი პირები თავს დაესხნენ და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს საქართველოს პირველი არხის გადამღებ ჯგუფებს.

ევროპის საბჭოს ჟურნალისტიკის დაცვისა და ჟურნალისტების უსაფრთხოების პლატფორმა საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურ დირექტორ თინათინ ბერძენიშვილის განცხადებას ავრცელებს, რომელშიც აღნიშნულია, რომ პირველმა არხმა ფაქტის გამოძიების მოთხოვნით სამართალდამცავ ორგანოებს მიმართა.

სტატიაში ასევე საუბარია, 2020 წლის სექტემბერში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, როდესაც დაუდგენელმა პირებმა ქალაქ მარნეულში სცემეს სულ მცირე ხუთი ჟურნალისტი, მათ შორის პირველი არხის ოპერატორი ზაზა ბარამიძე.

ევროპის საბჭომ ჟურნალისტიკის დაცვისა და ჟურნალისტების უსაფრთხოების პლატფორმა 2014 წელს საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობით შექმნა, რომელთა შორის არიან „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“, ჟურნალისტთა საერთაშორისო ფედერაცია და ჟურნალისტთა ევროპული ფედერაცია.

პლატფორმის მიზანია, ჟურნალისტების დაცვა, მედიის წარმომადგენლების მიმართ მუქარებსა და ძალადობაზე რეაგირება, ასევე ევროსაბჭოში გამაფრთხილებელი მექანიზმებისა და რეაგირების შესაძლებლობების განვითარება.

დმანისის შესასვლელთან 17 მაისს საქართველოს პირველი არხის გადამღებ ჯგუფს, ჟურნალისტს, ოპერატორსა და ფოტორეპორტიორს, რომლებიც დმანისში მიმდინარე მოვლენებს აშუქებდნენ, ფიზიკურად გაუსწორდნენ. ამასთან დაკავშირებით, საქართველოს პირველმა არხმა განცხადება გაავრცელა. საზოგადოებრივმა მაუწყებელმა მიმართა ყველა შესაბამის უწყებას, მათ შორის, შინაგან საქმეთა სამინისტროს, მაქსიმალურად მოკლე დროში გამოიძიოს მომხდარი. ასევე მიმართა სახალხო დამცველს, ფაქტზე მოახდინოს შესაბამისი რეაგირება.

დმანისში მომხდარ ინციდენტს, რომლის დროსაც საქართველოს პირველი არხის გადამღები ჯგუფის წევრებს ფიზიკურად გაუსწორდნენ, გამოეხმაურა საერთაშორისო ორგანიზაცია „ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტი“. ასევე ევროპის მაუწყებელთა კავშირი, რომელმაც საზოგადოებრივი მაუწყებლის გადამღებ ჯგუფებზე თავდასხმების გამო შეშფოთება გამოთქვა.