ევროპის საბჭო - შეშფოთებული ვართ ლგბტ თემის მიმართ დისკრიმინაციით როგორც საქართველოში, ისე ევროპის დიდ ნაწილში
ევროპის საბჭო - შეშფოთებული ვართ ლგბტ თემის მიმართ დისკრიმინაციით როგორც საქართველოში, ისე ევროპის დიდ ნაწილში

ევროპის საბჭო 17 მაისს თბილისში დაგეგმილი აქციის გაუქმებას განცხადებით ეხმაურება.

ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ შეშფოთებული არიან ლგბტ თემის მიმართ დისკრიმინაციით როგორც საქართველოში, ისე ევროპის ბევრ ნაწილში.

“ლგბტ თემის უფლებადამცველთა ჯგუფების მიერ ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით დაგეგმილი ღონისძიებები უსაფრთხოებასთან დაკავშირებული წუხილის გამო შეწყდა. ლგბტ პირებს უნდა ჰქონდეთ იმავე უფლებებით სარგებლობის საშუალება, რითაც სარგებლობენ სხვები. ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს, რომ ყველა მოქალაქეს, მათ შორის, ლგბტ პირებს, შეეძლოთ საკუთარი უფლების განხორციელება, მონაწილეობა მიიღონ მშვიდობიან დემონსტრაციებში და ამასთანავე, დაცული იყოს ძალადობისგან.

ჩვენ შეშფოთებული ვართ ლგბტ პირების მიმართ დისკრიმინაციით როგორც საქართველოში, ისე ევროპის დიდ ნაწილში”, – ნათქვამია ევროპის საბჭოს განცხადებაში.

ლგბტ თემის უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციებმა 17 მაისს დაანონსებული აქციის გაუქმების გადაწყვეტილება ერთი დღით ადრე მიიღეს. ორგანიზაციის წევრებმა მიზეზად შესაძლო დაპირისპირება დაასახელეს, რადგან მათივე ცნობით, მათ მიმართ მტრულად განწყობილ ჯგუფებს უპრეცედენტო მობილიზება აქვთ გამოცხადებული.

მთავრობის ადმინისტრაციასთან მოქალაქეების ნაწილი სოლიდარობის ნიშნად გუშინ მაინც შეიკრიბა.