„კოვიდ-19“-სგან დაზარალებული ქვეყნების აეროპორტების ჩამონათვალში საქართველოს აეროპორტები არ შედის
„კოვიდ-19“-სგან დაზარალებული ქვეყნების აეროპორტების ჩამონათვალში საქართველოს აეროპორტები არ შედის

ევროპის საავიაციო უსაფრთხოების სააგენტომ (EASA) იმ აეროპორტების სია გამოაქვეყნა, რომლებშიც „კოვიდ-19“-ის პანდემიის ფონზე, უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომების გატარებაა აუცილებელი.

ამის შესახებ ინფორმაციას Schengenvisainfo.com ავრცელებს.

აღნიშნულ ჩამონათვალში არ მოხვდა საქართველოს არც ერთი აეროპორტი, რადგან, როგორც „საქართველოს აეროპორტების გაერთიანებაში“ განმარტავენ, ქვეყანა ეპიდემიოლოგიურად მაღალი რისკის მქონე ქვეყნად მიჩნეული არ არის.

„საქართველოს აეროპორტები ევროპის საავიაციო უსაფრთხოების სააგენტოს „კოვიდ-19“-სგან დაზარალებული ქვეყნების აეროპორტების ჩამონათვალში არ არის, რადგან ქვეყანა ეპიდემიოლოგიურად მაღალი რისკის მქონე ქვეყნად მიჩნეული არ არის. აღსანიშნავია, რომ ევროპის საავიაციო უსაფრთხოების სააგენტომ (EASA) პანდემიისგან დაზარალებული ქვეყნების აეროპორტების სია თხუთმეტჯერ განაახლა და საქართველო იქ არც ერთხელ არ მოხვდა.

ჩვენთვის მგზავრთა ჯანმრთელობის უსაფრთხებაზე ზრუნვა უმნიშვნელოვანესია და ამიტომ, დიდ ყურადღებას ვუთმობთ დეზინფექციას. მიმდინარე სადენზინფექციო სამუშაოების გარდა, აეროპორტებში განთავსებულია დამატებითი სადენზინფეციო სითხეები.

აეროპორტების დალაგება მიმდინარეობს უფრო ინტენსიურ რეჟიმში. აეროპორტები ყოველთვის იყო ხალხმრავალი ადგილი და შესაბამისად, როდესაც ჩვენ, როგორც ინდუსტრია, ვამბობთ ტერმინს „დალაგება“ – ეს გულისხმობს დალაგებას სპეციალური სითხეებით. დეზინფექცია და სადენზინფექციო ხსნარები ჩვენთვის არის ყოველდღიური გამოყენების და ყოველდღიური დალაგებაც სწორედ ამ პროცესს მოიცავს“, – განაცხადა „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ ხელმძღვანელმა, თამარ არჩუაძემ.

როგორც აღინიშნა, აეროპორტების ჩამონათვალი ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან ერთობლივი მუშაობის შედეგად ჩამოყალიბდა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის, დაავადებათა კონტროლის ევროპული ცენტრის და სხვა ავტორიტეტული ორგანიზაციების მონაცემებს ეყრდნობა.