ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის რეგიონული დირექტორი - საქართველომ უნდა განავითაროს შიდა ენერგიის წარმოება, რაც მზისა და ქარის ელექტროსადგურებთან ერთად, ჰესებსაც ითვალისწინებს
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის რეგიონული დირექტორი - საქართველომ უნდა განავითაროს შიდა ენერგიის წარმოება, რაც მზისა და ქარის ელექტროსადგურებთან ერთად, ჰესებსაც ითვალისწინებს

საქართველო საკუთარი ჰიდროენერგეტიკული რესურსების მხოლოდ 20%-ს იყენებს, – აღნიშნავს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) რეგიონული დირექტორი კავკასიაში კატარინა ბიორლინ ჰანსენი ვიდეოპოსტში, რომელიც სოციალურ ქსელ „ფეისბუქზე“ არსებულ გვერდზე „ენერგომომავალი“ გამოქვეყნდა.

აღნიშნული ელექტრონული პლატფორმა მოწოდებულია, დააკმაყოფილოს „ფეისბუქის“ ქართულენოვან მომხმარებელთა ინტერესი ენერგეტიკის სექტორის შესახებ, მათ შორის, საქართველოს ენერგეტიკის ისტორიის, მიმდინარე ტენდენციებისა და ენერგეტიკული ობიექტების შესახებ, რომლებიც ქვეყანაში უკვე ფუნქციონირებს ან სამომავლოდ იგეგმება მათი მშენებლობა.

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის რეგიონული დირექტორის განცხადებით, ძალზე მნიშვნელოვანია საქართველოს მზარდი ენერგეტიკული მოთხოვნილებების დაკმაყოფილება, რადგან საქართველოში მატულობს ელექტროენერგიის მოხმარება როგორც საყოფაცხოვრებო, ასევე კერძო სექტორში.

კატარინა ბიორლინ ჰანსენის განცხადებით, საქართველომ უნდა განავითაროს შიდა ენერგიის წარმოება, რაც მზისა და ქარის ელექტროსადგურებთან ერთად, ჰესებსაც ითვალისწინებს.

„ამჟამად, საქართველოში წარმოებული ენერგიის დაახლოებით 75 პროცენტს ჰესები გამოიმუშავებს, მაგრამ დანარჩენი 25 პროცენტი, რაც საქართველოს სჭირდება, განსაკუთრებით კი ზამთარში, მეტწილად იმპორტირებული ბუნებრივი აირის გამოყენებით არის მიღებული. იმისათვის, რომ საქართველომ გააგრძელოს სუფთა ენერგიის გამოყენება, აუცილებელია, შეამციროს იმპორტირებულ საწვავზე დამოკიდებულება და გაზარდოს შიდა სუფთა ენერგიის წარმოება, რაც ნიშნავს ჰესების შემდგომ განვითარებას,“ – აღნიშნავს კატარინა ბიორლინ ჰანსენი თავის ვიდეოპოსტში.

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი საქართველოს ენერგეტიკის ერთ-ერთი მსხვილი ინვესტორია. ბანკის რეგიონული დირექტორის განცხადებით, დიდია ადგილობრივი და საერთაშორისო ინვესტორების ინტერესი, იმუშაონ საქართველოს სუფთა ენერგიის წარმოების სექტორში. მისი თქმით, როგორც ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს, ასევე სხვა საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებს დიდი სურვილი აქვთ, მხარი დაუჭირონ საქართველოში მდგრადი ჰესებისა და განახლებადი ენერგიის სხვა წყაროების განვითარებას.

„რატომ სჭირდება საქართველოს ენერგეტიკული უსაფრთხოება და ენერგეტიკული დამოუკიდებლობა. საქართველოს ძალიან სტრატეგიული მდებარეობა აქვს, შესაბამისად, აქვს დიდი წვდომა რეგიონალურ ენერგეტიკულ ბაზრებზე. საქართველო თუ გახდება უფრო მდგრადი შიდა წარმოების თვალსაზრისით, მას აქვს პოტენციალი, ენერგია გაიტანოს ექსპორტზე მეზობლებთან, რაც რეგიონალური ბაზრების კარგი ინტეგრაცია იქნება. ენერგეტიკული უსაფრთხოება ასევე კარგია საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტისთვის, რადგან ახლა გაზის იმპორტი სუბსიდირდება და, რა თქმა უნდა, ენერგიის შიდა წარმოების გაძლიერებით, ეს ხარჯები სახელმწიფოსთვის შემცირდება,“ – განაცხადა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის რეგიონულმა დირექტორმა.

კატერინა ბიორლინ ჰანსენის თქმით, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი მზადაა, მხარი დაუჭიროს ჰესების და სხვა განახლებადი ენერგოპროექტების განვითარებას საუკეთესო პრაქტიკის დანერგვის მიმართულებით.

მისი თქმით, ბანკში ენერგეტიკული პროექტების შერჩევის მკაცრი კრიტერიუმები არსებობს.

„ჰესების განვითარების უმაღლესი სტანდარტების დანერგვით, ვფიქრობთ, რომ ჩვენ შეგვიძლია მნიშვნელოვნად გავაუმჯობესოთ საქართველოს ენერგო დამოუკიდებლობა და უსაფრთხოება,“ – აღნიშნავს კატარინა ბიორლინ ჰანსენი ვიდეოპოსტში.