ევროპის რამდენიმე ქვეყნის სამთავრობო და კრიტიკული ინფრასტრუქტურის ვებგვერდები მას შემდეგ გაითიშა, რაც ხელოვნურმა ინტელექტმა პროგრამირებაში ხარვეზები გამოავლინა
ევროპის რამდენიმე ქვეყნის სამთავრობო და კრიტიკული ინფრასტრუქტურის ვებგვერდები მას შემდეგ გაითიშა, რაც ხელოვნურმა ინტელექტმა პროგრამირებაში ხარვეზები გამოავლინა.
ორი ხარვეზი გამოვლინდა პროგრამირების პოპულარულ ენა – PHP-ში, რომელიც ვებგვერდებისა და ვებაპლიკაციების შესაქმნელად გამოიყენება და ისეთ პოპულარულ პლატფორმებშია ჩაშენებული, როგორებიცაა WordPress-ი, Drupal-ი და Joomla და რომელსაც მსოფლიოში არსებული ვებგვერდების 75% იყენებს.
ექსპერტების განცხადებით, ხარვეზის გამოვლენა, რომელიც PHP-ის კოდში ბოლო 20 წლის განმავლობაში შეუმჩნევლად არსებობდა, ხელოვნური ინტელექტის გარეშე საკმაოდ რთული იქნებოდა. AI ტექნოლოგია კი ჰაკერებს საშუალებას აძლევს, სულ რამდენიმე წამში გააკეთონ კოდის უკუინჟინერია და მასირებული შეტევები განახორციელონ სხვადასხვა ვებგვერდზე.
საფრთხის პრევენციის მიზნით ვებსაიტები დროებით გათიშეს ნიდერლანდების, საფრანგეთის, დანიისა და ფინეთის სამთავრობო უწყებებმა, ასევე მსხვილმა საავადმყოფოებმა, პორტებმა და ისეთმა გლობალურმა პლატფორმებმა, როგორებიცაა „ვიკიპედია“ და „ინტერნეტ ქრქივი“.
PHP-ის დეველოპერებმა უკვე გამოუშვეს სასწრაფო განახლება და მომხმარებლებს მოუწოდებენ, დაუყოვნებლივ დააყენონ უსაფრთხოების ახალი პატჩი.
კიბერუსაფრთხოების სააგენტოები მთელი მსოფლიოს მასშტაბით ვებგვერდების ადმინისტრატორებს ურჩევენ, დაუყოვნებლივ განაახლონ PHP-ის ვერსიები ან დროებით გათიშონ სერვერები უსაფრთხოების შესაბამისი ზომების მიღებამდე.