ევროპის რამდენიმე ქვეყანაში კოვიდშეზღუდვების მოწინააღმდეგეთა აქციები გაიმართა
ევროპის რამდენიმე ქვეყანაში კოვიდშეზღუდვების მოწინააღმდეგეთა აქციები გაიმართა

ევროპის რამდენიმე ქვეყანაში კოვიდშეზღუდვებისა და ვაქცინაციის მოწინააღმდეგეთა აქციები გაიმართა.

უცხოური მედიის ცნობით, რომში ათასობით ადამიანი შეიკრიბა, რათა გაეპროტესტებინა ახალი მკაცრი შეზღუდვები, რომლებიც იტალიის ხელისუფლებამ „ომიკრონის“ შტამის ფართო გავრცელებისა და ჯანდაცვის სექტორზე ზეწოლის შესამცირებლად დააწესა. აქტივისტებმა იტალიის მთავრობის მიერ შემუშავებული წესები ნაცისტების მმართველობის პერიოდის შეზღუდვებს შეადარეს.

ვაქცინაციის პასპორტების შემოღების წინააღმდეგ გაიმართა აქციები საფრანგეთში. პარიზში ათასობით მოქალაქემ გამართა საპროტესტო მსვლელობა. მონაწილეები ეწინააღმდეგებიან ემანუელ მაკრონის მთავრობის მიერ შემუშავებულ კანონს, რომლითაც ე.წ. კოვიდპასპორტებს ვაქცინაციის პასპორტები ჩაანაცვლებს. ამ კანონის ამოქმედების შემდეგ, აუცრელ მოქალაქეებს აღარ ექნებათ უფლება, სხვადასხვა საჯარო დაწესებულებებში შევიდნენ.

„ომიკრონის“ გავრცელების შეჩერების მიზნით დაწესებული მკაცრი ზომების წინააღმდეგ საპროტესტო აქციები გაიმართა გერმანიის რამდენიმე ქალაქში, მათ შორის ფრანკფურტსა და მიუნხენში.

სავალდებულო ვაქცინაციის წინააღმდე დემონსტრაცია გაიმართა ვენაში. როგორც ცნობილია, ავსტრიაში „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო აცრის გაკეთება სავალდებულო თებერვლიდან გახდება.

დატოვე კომენტარი