ევროპის ქვეყნები კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქებას განაგრძობენ
ევროპის ქვეყნები კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქებას განაგრძობენ

ევროპის ქვეყნები კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქებას განაგრძობენ.

ბელგიაში დღეიდან გაიხსნება მაღაზიები. სავალდებულო იქნება სოციალური დისტანციის დაცვა. რესტორნები, ბარები და კაფეები ბელგიაში ჯერ დაკეტილი დარჩება.

ნიდერლანდებში დღეიდან დაწყებითი კლასების მოსწავლეებისთვის სკოლებში სასწავლო პროცესი განახლდება. გაიხსნება ასევე ბიბლიოთეკები, ფიზიოთერაპიის დაწესებულებები, სილამაზის სალონები და ავტოსკოლები.

დაწყებითი და საშუალო სკოლის მოსწავლეები სწავლას განაახლებენ შვეიცარიაშიც, თუმცა შემცირდება გაკვეთილების ხანგრძლივობა. შვეიცარიაში 11 მაისიდან ასევე გაიხსნება რესტორნები, წიგნების მაღაზიები, მუზეუმები. ყველა ჩამოთვლილი დაწესებულება კორონავირუსის გამო მუშაობას სპეციალური წესების დაცვით განაახლებს.

შეზღუდვების შემსუბუქებას განაგრძობს ესპანეთიც. დღეიდან ქვეყნის ზოგიერთ რეგიონში დასაშვები იქნება ათ ადამიანამდე შეკრება, ღია სივრცის მქონე რესტორნები კი მუშაობის განახლებას სოციალური დისტანცირების წესების დაცვით შეძლებენ. ჯერ ყველაზე მკაცრი შეზღუდვები რჩება მადრიდში, ბარსელონასა და ესპანეთის სხვა ქალაქებში, როგორიცაა ვალენსია, მალაგა და გრანადა.

საფრანგეთში მკაცრი კარანტინის ფარგლებში დაწესებული ზომების შემსუბუქება დღეიდან იწყება. კერძოდ, ორშაბათიდან მოქალაქეებს სახლებიდან 100 კილომეტრის რადიუსში გასასვლელად ნებართვა აღარ დასჭირდებათ. დასაშვები იქნება ათამდე პირის შეკრებაც. სწავლა განახლდება დაწყებითი კლასების მოსწავლეებისთვის. თუმცა გაკვეთილებზე დასწრება ნებაყოფლობითი იქნება. საფრანგეთში იხსნება ტანსაცმლისა და წიგნების მაღაზიები, სილამაზის სალონები. რესტორნები, ბარები და კინოთეატრები კვლავ დაკეტილი რჩება.

დანიაში 11 მაისიდან სავაჭრო ცენტრები განაახლებენ მუშაობას, პოლონეთში კი სასტუმროები გაიხსნება.

დატოვე კომენტარი