ევროპის მაუწყებელთა კავშირის ვებინარი „ყველა თანასწორია“ - მოდერატორები: თინათინ ბერძენიშვილი და კლაუდია ვაკარონე

ევროპის მაუწყებელთა კავშირის გენდერული თანასწორობის ჯგუფის მიერ მომზადებული ანგარიშის All Things Being Equal შესახებ გამართული ვებინარი წარმოადგენს ერთგვარ სამოქმედო გეგმას და ასახავს წარმატებულ სტრატეგიებს, რომლებიც შეიძლება იყოს გენდერულად თანასწორი მედიის საფუძველი.

ვებინარს მოდერაციას უწევდნენ საქართველოს პირველი არხის გენერალური დირექტორის პირველი მოადგილე თინათინ ბერძენიშვილი, რომელიც ევროპის მაუწყებელთა კავშირის გენდერული თანასწორობის ჯგუფის ხელმძღვანელია და კლაუდია ვაკარონე, ევროპის მაუწყებელთა კავშირის მრავალფეროვნების პროგრამების მიმართულების ხელმძღვანელი.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნული ანგარიში შექმნილია თინათინ ბერძენიშვილის ხელმძღვანელობით და ევროპის მაუწყებელთა კავშირის გენერალური დირექტორის, ნოელ კურანისა და BBC-ის გენერალური დირექტორის ტონი ჰოლის მხარდაჭერით.

გენდერულ თანასწორობაზე მომზადებული ანგარიში ქართულ ენაზეა ხელმისაწვდომი. ის საზოგადოებრივი მაუწყებლების ერთგვარი გზამკვლევია, რომელიც აგებულია EBU-ს წევრი ქვეყნების რეალურ მაგალითებზე და მოუწოდებს ევროპის მაუწყებელთა კავშირის წევრ ქვეყნებს, დაიწყონ საკუთარი ორგანიზაციების მონაცემების გადახედვა ამ მიმართულებით და იმოქმედონ გენდერული ბალანსის მისაღწევად.