ევროპის მაუწყებელთა კავშირის დელეგაცია პირველი არხის მენეჯმენტთან და სამეურვეო საბჭოსთან შეხვედრებს გამართავს
ევროპის მაუწყებელთა კავშირის წარმომადგენლები, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებთან ურთიერთობის ხელმძღვანელი რადკა ბეთჩევა და EBU-ს რადიოს ხელმძღვანელი გრაჰამ დიქსონი პირველი არხის მენეჯმენტთან და სამეურვეო საბჭოსთან შეხვედრებს გამართავენ.
ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილი შეხვედრები სხვადასხვა საკითხების განხილვას მოიცავს. მათ შორის, საზოგადოებრივ მაუწყებელში მიმდინარე პროცესები და საზოგადოებრივი რადიოს გამოწვევები თანამედროვე მედიასივრცეში.
საზოგადოებრივი მაუწყებელი ევროპის მაუწყებელთა კავშირის წევრი 2005 წლიდან არის და აქტიურად თანამშრომლობს მასთან და მის წევრ მედიასაშუალებებთან.
ევროპის მაუწყებელთა კავშირის წარმომადგენლების ვიზიტი დღეს დაიწყება და 24 აპრილს დასრულდება.