ევროპის მაუწყებელთა კავშირი - ნათლად ვუჭერთ მხარს ევროვიზიის კონკურსის ნდობის განმტკიცებისა და ნეიტრალიტეტის დაცვის რეფორმებს, რაც ყველა წევრს მონაწილეობის საშუალებას მისცემს
ევროპის მაუწყებელთა კავშირის (EBU) წევრები ნათლად უჭერენ მხარს ევროვიზიის კონკურსის ნდობის განმტკიცებისა და ნეიტრალიტეტის დაცვის რეფორმებს, რაც ყველა წევრს მონაწილეობის საშუალებას მისცემს, – ამის შესახებ ევროპის მაუწყებელთა კავშირის განცხადებაშია ნათქვამი.
მათივე ცნობით, ჟენევაში, გენერალურ ასამბლეაზე გამართულ შეხვედრაზე ევროპის მაუწყებელთა კავშირის წევრებმა მხარი დაუჭირეს ევროვიზიის კონკურსის წესებში ცვლილებებს, რომლებიც მიზნად ისახავს ღონისძიების ნდობის, გამჭვირვალობისა და ნეიტრალიტეტის გაძლიერებას.
განცხადების მიხედვით, კენჭისყრა ნიშნავს, რომ EBU-ს ყველა წევრს, რომელსაც სურს 2026 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსში მონაწილეობა და ეთანხმება ახალი წესების დაცვას, შეუძლია მონაწილეობა მიიღოს მასში.
განცხადების მიხედვით, EBU-ს წევრების წარმომადგენლებს სთხოვეს, ფარული კენჭისყრით დაეფიქსირებინათ, საკმარისად კმაყოფილები იყვნენ თუ არა გასულ თვეს გამოცხადებული ახალი ზომებით მომავალი წლის ღონისძიებაში მონაწილეობის შესახებ ხმის მიცემის პროცესის გარეშე.
მათივე ცნობით, წევრების დიდი უმრავლესობა დაეთანხმა, რომ მონაწილეობაზე დამატებითი კენჭისყრა საჭირო არ იყო და 2026 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსი გეგმის მიხედვით უნდა წარიმართოს დამატებითი ზომების დაცვით.
„ამ კენჭისყრის შედეგი აჩვენებს ჩვენი წევრების საერთო ვალდებულებას, დაიცვან გამჭვირვალობა და ნდობა ევროვიზიის სიმღერა კონკურსში, რომელიც მსოფლიოში ცოცხალი მუსიკის უდიდესი ღონისძიებაა. მინდა, მადლობა გადავუხადო ყველა წევრს მათი გააზრებული, პატივისცემით აღსავსე და კონსტრუქციული წვლილისთვის დღევანდელ სესიაზე და წელს ჩატარებული ფართომასშტაბიანი საკონსულტაციო პროცესის განმავლობაში. ამ დისკუსიებმა გამოიწვია მნიშვნელოვანი ცვლილებები ევროვიზიის სიმღერის კონკურსის წესებში, რაც უზრუნველყოფს, რომ ის კვლავ ერთიანობისა და კულტურული გაცვლის ადგილია“, – განაცხადა ევროპის სამაუწყებლო კავშირის პრეზიდენტმა, დელფინ ერნოტე კუნჩიმ.
ევროპის მაუწყებელთა კავშირის ცნობით, კენჭისყრის შემდეგ კონკურსში მონაწილე ქვეყნების მაუწყებლებს ახლა მოეთხოვებათ, დაადასტურონ მონაწილეობა 2026 წლის კონკურსში. მათივე ინფორმაციით, ევროვიზიის რიგით 70-ე კონკურსის მონაწილეთა სრული სია შობამდე გახდება ცნობილი.
ცნობისთვის, ირლანდიამ, ესპანეთმა და ნიდერლანდებმა 2026 წლის ევროვიზიის კონკურსს ისრაელის მონაწილეობის გამო ბოიკოტი გამოუცხადეს.