ევროპის მაუწყებელთა კავშირი - ჟურნალისტების შეფასებით, რეგიონული აკადემიის პირველი ტრენინგი წარმატებული იყო
ევროპის მაუწყებელთა კავშირი - ჟურნალისტების შეფასებით, რეგიონული აკადემიის პირველი ტრენინგი წარმატებული იყო

ევროპის მაუწყებელთა კავშირი რეგიონული აკადემიის თბილისში გამართული ტრენინგის შესახებ სტატიას აქვეყნებს. ტრენინგების მასპინძელი საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი იყო.

„რეგიონული ჰაბი აერთიანებს ადგილობრივ სპეციალისტებს და აძლევს მათ უნარებს, რათა მათ ცვალებად და კომპლექსურ სამყაროში წარმატებას მიაღწიონ“, – ამბობს ევროპის მაუწყებელთა კავშირის აკადემიის მენეჯერი ნატალი ლაბორდეტი.

პუბლიკაციაში ნათქვამია, რომ პირველ და 2 მაისს თბილისში ტრეინინგები 26-მა ჟურნალისტმა და სოციალური მედიის სპეციალისტმა გაიარა. მათ შორის იყვნენ ქართველი, სომეხი და აზერბაიჯანელი მონაწილეები.

„ტრენინგის მთავარი მიზანია, ვასწავლოთ ჟურნალისტებს მობილური ტელეფონის პროფესიონალურ ხელსაწყოდ გამოყენება, რომლითაც მათი ნაშრომის ჩვენებაა შესაძლებელი. ჟურნალისტებს ადრე უამრავი ხელსაწყო სჭირდებოდათ, ახლა კი ყველაფრის გაკეთება მობილურითაა შესაძლებელი“, – აცხადებს ევროპის მაუწყებელთა კავშირის აკადემიის მენეჯერი ნატალი ლაბორდეტი.

ევროპის მაუწყებელთა კავშირის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ სტატიაში აღნიშნულია, რომ აკადემიის დეცენტრალიზაცია ეხმარება თანამშრომლებს მათი უნარების გაუმჯობესებასა და პროფესიული აქტივობების ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში გავრცელებაში.

„დეცენტრალიზაცია ევროპის მაუწყებელთა კავშირის აკადემიას აძლევს საშუალებას, მეტ ადგილობრივ ჯგუფებს დაუკავშირდეს, გააცნოს სერვისები და გააფართოვოს წარმომადგენლობა გეოგრაფიულად შორს მდებარე ქვეყნებში“ – ნათქვამია სტატიაში.

პუბლიკაციაში აღნიშნულია, რომ ევროპის მაუწყებელთა კავშირის აკადემიის რეგიონულ ტრენინგს მონაწილეების მხრიდან პოზიტიური გამოხმაურებები მოჰყვა.

„მოხარულები ვართ, რომ ჩვენ მხარდაჭერა საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორის მოადგილემ, თინათინ ბერძენიშვილმა გამოგვიცხადა და ქართული ჰაბის შესახებ სატელევიზიო სიუჟეტიც მომზადდა“, – ნათქვამია ევროპის მაუწყებელთა კავშირის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ სტატიაში.

შემდეგი ტრენინგი, რომელიც ასევე მობილურ ჟურნალისტიკას მიეძღვნება, პოლონეთის დედაქალაქში ივნისში გაიმართება.