ევროპის ფეხბურთი რეკორდულად მაღალ შემოსავალზე გავიდა
ევროპის ფეხბურთი რეკორდულად მაღალ შემოსავალზე გავიდა

ევროპის ხუთმა უდიდესმა საფეხბურთო ლიგამ 2016-17 წლებში რეკორდულად მაღალი შემოსავალი 14,7 მილიარდი ევრო მიიღო, რაც წლიურ დონეზე 9 პროცენტიან ზრდას ნიშნავს. ევროპის საფეხბურთო ინდუსტრიის მონაცემებს „ბი ბი სი“ ცნობილი აუდიტორული კომპანიის, Deloitte-ს ანგარიშზე დაყრდნობით აქვეყნებს.

ახალი ანგარიშის მიხედვით, ევროპული ფეხბურთის საბაზრო კაპიტალიზაცია რეკორდულად მაღალია და 25,5 მილიარდ ევროს შეადგენს. ბაზრის ლიდერი ინგლისის პრემიერ ლიგაა, რომელმაც შემოსავლის სახით ასევე რეკორდულად მაღალი თანხა, 4,5 მილიარდი ფუნტი სტერლინგი მიიღო. რეკორდული შემოსავალი აჩვენა ინგლისის „პრემიერ ლიგის“ ოცივე კლუბმა. შემოსავლის კუთხით, ინგლისის „პრემიერ ლიგის“ მიერ მიღებული თანხა 86 პროცენტით მაღალია მისი უშუალო კონკურენტის, ესპანეთის „ლა ლიგას“ მიერ მიღებულ შემოსავალზე.

Deloitte-ს აზრით, 2016-17 წლების საფეხბურთო სეზონის ფინანსური შედეგები მიანიშნებს, რომ ევროპის საფეხბურთო კლუბებში გაუმჯობესებული მოგებისა და ფინანსური სტაბილურობის ეპოქა დადგა. Deloitte მიუთითებს, რომ ჯერ კიდევ 10 წლის წინ პრემიერ ლიგის კლუბები საოპერაციო ხარჯებით წაგებაზე გადიოდნენ, 2016-17 წლის სეზონზე კი უკლებლივ ყველა კლუბი მოგებაზე გავიდა. აღსანიშნავია ისიც, რომ პირველად 10 წლის მანძილზე პრემიერ ლიგის კლუბების შემოსავლები ხელფასებზე სწრაფად გაიზარდა.

Deloitte თვლის, რომ, რადგან „პრემიერ ლიგამ“ ისევ აჩვენა ფინანსური სტაბილურობა და დაიბრუნა მაყურებლის დიდი ნაწილი, ეს კლუბი ფინანსური მდგომარეობით მომდევნო ოთხი წლის მანძილზე ბაზრის ლიდერი იქნება.

ესპანური „ლა ლიგას“ შემოსვალი 2016-17 წლების სეზონზე 2,9 მილიარდ ევრომდე გაიზარდა და გერმანულ „ბუნდესლიგას“ გადაასწრო, რომელიც შემოსავლების მხრივ, მსოფლიოს რიგით მეორე საფეხბურთო ლიგა იყო.

მიუხედავად ამისა, „ბუნდესლიგა“ კვლავ რჩება ევროპის ყველაზე მაღალი დასწრების მქონე ლიგად, რომელსაც მატჩზე დაახლოებით 44 ათასი ადამიანი ესწრება. „ბუნდესლიგის“ შემოსავალი წლიურ დონეზე 15 პროცენტით გაიზარდა და 2016-17 წლების სეზონზე 1,4 მილიარდი ევრო შეადგინა.

იტალიის „სერია A-ს“ შემოსავალი აღნიშნულ სეზონზე 8 პროცენტით გაიზარდა და პირველად ისტორიაში, 2 მილიარდ ევროს გადააჭარბა. შემოსავლის უმეტესი ნაწილი კომერციული წყაროებიდან შევიდა.

საფრანგეთის „ლიგა 1“ ევროპის ლიგების ხუთეულიდან ყველაზე ნაკლებად შემოსავლიანი გამოდგა. გასულ წელს აღნიშნულმა ლიგამ მხოლოდ 1,6 მილიარდი ევროს შემოსავალი მიიღო.