ევროპის დღესთან დაკავშირებით ოპოზიციური პარტიები, არასამთავრობო ორგანიზაციები, აქტივისტები და მოქალაქეები ხუთ სხვადასხვა ადგილას შეიკრიბნენ.
ისინი მსვლელობით ევროპის მოედნისკენ მიემართებიან.
როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი ფავლენიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, საზოგადოების ის ნაწილი, რომელიც იბრძვის არა მხოლოდ ევროპული მომავლისთვის, არამედ უკეთესი საქართველოსთვის, დღესაც იკრიბება და აღნიშნავს ევროპის დღეს.
„ამ პროტესტის არსი სამწუხაროა, რომ არის საბრძოლი ის, რაზეც შეთანხმებული ვიყავით, რომ ჩვენ გვინდა ევროპაში, ევროპული ინტეგრაციის პროცესის გაგრძელება. სამწუხაროდ, ამ მხრივ ძალაუფლების მიმტაცებელი ივანიშვილი დაპირისპირებულია ქართველ ხალხთან და საზოგადოების ის ნაწილი, რომელიც იბრძვის არა მხოლოდ ევროპული მომავლისთვის, არამედ უკეთესი საქართველოსთვის, დღესაც ვიკრიბებით და აღვნიშნავთ ევროპის დღეს“, – განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.
ამასთან, „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, ალეკო ელისაშვილის განცხადებით, დღეს სურთ დემონსტრირება, რომ მტკიცედ დგანან საქართველოს სადარაჯოზე და მათი სურვილია, ქვეყანა გახდეს ევროკავშირის წევრი.
„დღეს ევროპის დღეა და გვინდა დემონსტრირება იმისა, რომ გვსურს, საქართველო ბოლოსდაბოლოს გახდეს ამ ყველაზე ცივილიზებულ სახელმწიფოთა კონფედერაციის, ანუ ევროკავშირის წევრი. ასევე, იმის, რომ არ გავტეხილვართ, ისევ მედგრად, მტკიცედ ვართ და ისევ ვდგავართ საქართველოს სადარაჯოზე“, – განაცხადა ელისაშვილმა.
