ევროპის ჩემპიონატზე დღეს ოთხი ქართველი ძიუდოისტი იასპარეზებს #1TVSPORT
დღეს ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში ევროპის ჩემპიონატი ძიუდოში აიღებს სტარტს.
ტურნირის პირველ საშეჯიბრო დღეს კაცებში 60 და 66 კგ, ხოლო ქალებში 48, 52 და 57 კგ წონითი კატეგორიების ძიუდოისტები გამოვლენ.კონტინენტის პირველობაზე ჩვენი ნაკრებისთვის მედლების მოპოვებას ოთხი სპორტსმენი შეეცდება.
60 კგ წონით კატეგორიაში საქართველოს ნაკრებს ორი სპორტსმენი ეყოლება – ჯაბა პაპინაშვილი და ლუხუმ ჩხვიმიანი. ორივე მათგანი განთესილია და შეჯიბრზე მეორე ეტაპიდან იჭიდავებს.
ლუხუმ ჩხვიმიანი D ბადეშია და იგი პირველ შეხვედრაში უკრაინელ დილშოტ ხალმატოვსა და იტალიელ ანხელო პანტანოს შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება. ქართველის სატურნირო ბადიდან გამომდინარე, მას მედლისთვის ბრძოლა არ უნდა გაუჭირდეს.
ტურნირზე 60 კგ-ში გამომსვლელი მეორე ქართველი ჯაბა პაპინაშვილი B ბადეში იასპარეზებს. ევროპის ჩემპიონატზე მისი პირველი მეტოქე კვიპროსელ გიორგიოს კოროზიდისსა და ფრანგ სედრიკ რევოლს შორის საუკეთესო იქნება.
66 კგ წონით კატეგორიაში საქართველოს ნაკრების ღირსებას ევროპის ჩემპიონი (2016 წელს) ვაჟა მარგველაშვილი დაიცავს.
ქართველი ძიუდოისტი C ბადეშია განთესილი, ვაჟა მეორე ეტაპიდან იჭიდავებს. მისი პირველი მეტოქე კი წარმოშობით ქართველ, კვიპროსის სახელით მოასპარეზე გიორგი ბალარჯიშვილსა და რუმინელ ლუსიან ბორს დიმიტრესკუს შორის გამარჯვებული იქნება. მარგველაშვილი ცნობილია თავისი მებრძოლი ხასიათით და სოფიაში გასამართ კონტინენტის პირველობაზე მისგან წარმატებული გამოსვლა უნდა ვიწინასწარმეტყველოთ.
57 კგ წონით კატეგორიაში ქალთა შორის, საქართველოს ნაკრების სახელით ეთერ ლიპარტელიანი იჭიდავებს.ქართველი განთესილია და ასპარეზობაში მეორე ეტაპიდან ჩაერთვება.
ეთერი B ბადეშია და მისი პირველი მეტოქე პოლონელ არლეტა პოდოლაკსა და დიდ ბრიტანელ ასელია ტოპრაკს შორის გამარჯვებული იქნება. 1/4 ფინალში გასვლის შემთხვევაში, ეთერ ლიპარტელიანის მეტოქე, ფრანგი – პრისკილა გნეტო იქნება. სოფიაში წინასწარი შეხვედრები 10:30 საათიდან დაიწყება, ხოლო ფინალური ბლოკის ტელერეპორტაჟს ექსკლუზიურად საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ. პირდაპირი ტრანსლაციები 29, 30 აპრილს და პირველ მაისს თბილისის დროით 17:00 საათზე დაიწყება.