ევროპის ჩემპიონატზე დღეს ხუთი ქართველი ძიუდოისტი იასპარეზებს #1TVSPORT
ევროპის ჩემპიონატზე დღეს ხუთი ქართველი ძიუდოისტი იასპარეზებს #1TVSPORT

დღეს, 16 აპრილს ლისაბონში სტარტს აიღებს ევროპის ჩემპიონატი ძიუდოში. ტურნირზე 45 ქვეყნის 359 სპორტსმენი იასპარეზებს. კონტინენტის პირველობაზე საქართველოს ნაკრების ღირსებას პირველ დღეს, ხუთი ძიუდოისტი დაიცავს.

კაცები: 60-კგ წონით კატეგორიაში ჩვენი ქვეყნისთვის მედლის მოპოვებას თემურ ნოზაძე შეეცდება. ახალგაზრდა ძიუდოისტმა 2021 წელს დიდ წარმატებას მიაღწია. მან ჯერ თელ-ავივის გრანდ სლემზე ვერცხლის მედლის მოპოვება შეძლო, ხოლო შემდეგ თბილისში გამართულ გრანდ სლემზე ოქროს მედალს დაეუფლა. თემურ ნოზაძე, რომელიც ტურნირზე მესამე ნომრად არის განთესილი, თავის პირველ შეხვედრას ისრაელის წარმომადგენელ კოკოლაიევთან გამართავს.

66კგ-ში ვაჟა მარგველაშვილი იასპარეზებს, რომელიც ევროპის ჩემპიონატზე თავის წონაში პირველ ნომრად გამოდის. იგი პირველ წრეს გამოტოვებს, ხოლო საწყის დაპირისპირებაში ესპანელ და რუმინელ ძიუდოისტებს შორის გამარჯვებულს შეხვდება. წელს მარგველაშვილის ანგარიშზე დოჰას მასტერსზე ბრინჯაოს, ხოლო თბილისის გრანდ სლემზე ვერცხლის მედლებია.

ქალები: 52კგ წონით კატეგორიაში ორი ძიუდოისტი – ტატიანა ლევიცკა-შუკვანი და მარიამ ჯანაშვილი იჭიდავებენ. ორივე მათგანი პორტუგალიელ სპორტსმენებს შეხვდება.

57კგ-ში ევროპის ჩემპიონატზე მედლის მოპოვებას ეთერ ლიპარტელიანი შეეცდება. ახალგაზრდა ძიუდოსტი წელ გრანდ-სლემებზე მოპოვებული მედლებით, პირველი ქართველი ქალი ძიუდოისტი გახდა, ვინც ამ რანგის ტურნირზე მედლის მოპოვება შეძლო. იგი ჯერ თელ-ავივის გრანდ-სლემზე ბრინჯაოს მედალს დაეუფლა, ხოლო შემდეგ თბილისში ვერცხლის აღება შეძლო. ლიპარტელიანს ასევე უკვე მოპოვებული აქვს ოლიმპიადის ლიცენზია. ქართველი ძიუდოისტი ევროპის ჩემპიონატზე პირველ შეხვედრას უკრაინელ სკორასთან გამართავს. ეთერი ტურნირზე მეშვიდე ნომრად არის განთესილი.

დღეს წინასწარი შეხვედრები 12:30 საათზე დაიწყება,ფინალური ბლოკი კი 19:00 საათზე გაიმართება. ევროპის ჩემპიონატიის ფინალური ბლოკის პირდაპირ რეპორტაჟებს საქართველოს პირველი არხი და „ტელესკოლა“ შემოგთავაზებთ.