ვაჟა მარგველაშვილის მედალი - დოჰას მასტერსის პირველი დღე ქართველებმა ბრინჯაოთი დაასრულეს (ვიდეო)

ვაჟა მარგველაშვილმა დოჰას მასტერსზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ყატარის დედაქალაქ დოჰაში მიმდინარე ტურნირზე ძიუდოში პირველ საშეჯიბრო დღეს საქართველოს ნაკრების ღირსებას ოთხი მამაკაცი და ორი ქალი ძიუდოისტი იცავდნენ, საიდანაც ხუთი სპორტსმენი ადრეულ ეტაპზე გამოეთიშა გათამაშებას და მედლისთვის ბრძოლას მხოლოდ 66 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ვაჟა მარგველაშვილი აგრძელებდა.

ფინალურ ბლოკში ქართველმა ძიუდოისტმა ბრინჯაოს მედლისთვის მოლდოველი დენის ვიერუ ეფექტური გდებით დაამარცხა და საქართველოს ნაკრებს დოჰას მასტერსზე პირველი მედალი მოუტანა.

ხვალ, 12 იანვარს 2021 წლის პირველ ტურნირზე სამი ქართველი ძიუდოისტი იასპარეზებს – 73კგ წონით კატეგორიაში ლაშა დავდათუაშვილი, ხოლო 81 კგ-ში ტატო გრიგალაშვილი და ლუკა მაისურაძე.

წინასწარი შეხვედრები 12:00 საათზე, ხოლო ფინალური ბლოკი 18:00 საათზე დაიწყება.