ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს მედალოსანი ბექა ღვინიაშვილი მსოფლიო რეიტინგის ლიდერია
ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ მსოფლიოს ახალი რეიტინგი გამოაქვეყნა. ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს მედალოსანი ბექა ღვინიაშვილი (90 კგ) პირველ ადგილზე გადავიდა. ევროპის ჩემპიონი, მსოფლიოს მესამე პრიზიორი ვაჟა მარგველაშვილი (66), ევროპის სამგზის ჩემპიონი, მსოფლიოს ორგზის და ოლიმპიადის ფინალისტი ვალერი ლიპარტელიანი (100) და ევროპის ჩემპიონი გურამ თუშიშვილი (+100) კი მეორე ადგილოსნები არიან.
რეიტინგში საქართველოს ძიუდოისტთა ეროვნული გუნდის წარმატება ძირითადად პარიზის გრანდ-სლემის გათამაშებაზე წარმატებულმა გამოსვლამ განაპირობა.
დებულების თანახმად, კონკრეტულ შეჯიბრებაზე მოპოვებული ქულები ერთი წლის შემდეგ ნახევრდება, ხოლო ორი წლის შემდეგ ის განახევრებულიც საერთოდ ნულდება.
რეიტინგის რვა მოწინავე ძიუდოისტი ყველა ტურნირზე განთესილია. ისინი პირველ წრეში არ ჭიდაობენ და 1/4 ფინალამდე მათი მეტოქეები შედარებით სუსტი მოწინააღმდეგეები არიან.
რეიტინგის მონაცემი მნიშვნელოვანია ისეთ დიდ ტურნირზე მოსახვედრად, როგორიც მსოფლიოს მასტერსია – იქ მხოლოდ 16 საუკეთესოს იწვევენ და რაც მთავარია – რეიტინგის მიხედვით ნაწილდება ოლიმპიადის ლიცენზიები.
ახალი რეიტინგის ხუთეულში საქართველოს წარმომადგენელი მხოლოდ ორ წონაში არ ყავს. ეს 60 და 81 კგ. წონითი კატეგორიებია. 60კგ-ში ევროპის ჩემპიონი, მსოფლიოს პრიზიორი ამირან პაპინაშვილი მეექვსეა, ხოლო 81 კგ. წონით კატეგორიაში ზებედა რეხვიაშვილი მე-12 საფეხურზეა.