ევროპის ჩემპიონატი წყალბურთში | საქართველოს ნაკრების მეტოქეები ცნობილია #1TVSPORT
2024 წლის 3-16 იანვარს, ისრაელის ქალაქ ნეთანიაში, წყალბურთელთა ევროპის ჩემპიონატი გაიმართება, სადაც საქართველოს ნაკრებიც ითამაშებს. 12 სექტემბერს ტურნირის წილისყრა გაიმართა, რომელმაც ქართველი წყალბურთელების მეტოქეები გამოავლინა.
მომავალი ტურნირი განახლებული ფორმატით ჩატარდება. 16 ნაკრები, გასული ევროპირველობის შედეგების მიხედვით, ორ დივიზიონში გადანაწილდა.
საქართველოს ნაკრები A დივიზიონში მოხვდა, სადაც ასევე ხორვატია, უნგრეთი, ესპანეთი, იტალია, საბერძნეთი, საფრანგეთი და მონტენეგრო ითამაშებენ, B დივიზიონი კი გერმანიამ, სერბეთმა, ნიდერლანდებმა, რუმინეთმა, ისრაელმა, მალტამ, სლოვაკეთმა და სლოვენიამ დააკომპლექტეს.
განახლებული ფორმატის თანახმად, დივიზიონების მიხედვით, რვა-რვა ნაკრები ორ ოთხგუნდიან ჯგუფში გადანაწილდა.
A დივიზიონი
A ჯგუფი: ხორვატია, ესპანეთი, საფრანგეთი, მონტენეგრო.
B ჯგუფი: უნგრეთი, იტალია, საბერძნეთი, საქართველო.
B დივიზიონი
C ჯგუფი: სერბეთი, გერმანია, ისრაელი, მალტა.
D ჯგუფი: რუმინეთი, ნიდერლანდები, სლოვენია, სლოვაკეთი.
A დივიზიონის ჯგუფების ორ-ორი საუკეთესო პირდაპირ მეოთხედფინალში გავა, მესამე-მეოთხე ადგილოსნები კი მეორე დივიზიონის ჯგუფების გამარჯვებულებს შეხვდებიან და მათ შორის გამოვლინდება დარჩენილი ოთხი მეოთხედფინალისტის ვინაობა.