ხელბურთის ევროპის ჩემპიონატს საფრანგეთის ნაკრები ემშვიდობება. ერთ-ერთმა ყველაზე ტიტულოვანმა ნაკრებმა სტარტზე ორი მატჩი წააგო და პირველი ჯგუფური ეტაპის დაძლევის შანსი დაკარგა.
პირველ შეხვედრაში პორტუგალიასთან განცდილი მარცხის შემდეგ, ფრანგებმა მეორე შეხვედრაში ტურნირის ერთ-ერთ მასპინძელ ნორვეგიასთანაც წააგეს – 26:28. პირველი ტაიმის მინიმალური სხვაობით მოგების მიუხედავად (15:14), საბოლოოდ მათ მაინც კაპიტულაციის გამოცხადება მოუწიათ.
ფაბრეგასმა რვა ბურთის გატანა შეძლო, ყველაზე შედეგიანი კი ნორვეგიელი სანდერ საგოსენი გახდა 10 გოლით. მეკარე ბერგერუდმა 18 ბურთი მოიგერია.
პორტუგალიამ ანგარიშით 27:24 მოუგო ბოსნიას და ნორვეგიასთან ერთად მეორე ეტაპზეა. B ჯგუფში ორივე შეხვედრა მოიგო ავსტრიამ. მასპინძლებმა უკრაინას ანგარიშით 34:30 სძლიეს, ჩეხეთმა კი ანგარიშით 27:25 აჯობა ჩრდილოეთ მაკედონიას. ამ ჯგუფში ყველაფერს მესამე ტურის შეხვედრები გაარკვევს, რომელშიც ავსტრია-მაკედონია და ჩეხეთი-უკრაინა ითამაშებენ.
დაახლოებით მსგავსი მდგომარეობაა F ჯგუფში. კიდევ ერთი მასპინძელი და ჩემპიონატის ერთ-ერთი ფავორიტი შვედეთი სლოვენიასთან დამარცხდა – 19:21. შვეიცარიამ ანგარიშით 31:24 მოუგო პოლონეთს. 15 ბურთის გატანა შეძლო ანდრე შმიდმა.
დღეს A და C ჯგუფში მესამე ტურის შეხვედრები გაიმართება, F ჯგუფში კი მეორე ტურის შეხვედრები შედგება.