ევროპის აუდიტორთა სასამართლო – რუსეთის წინააღმდეგ სანქციების აღსრულებაში არსებული ხარვეზები შეზღუდვების გვერდის ავლის შესაძლებლობას ქმნის

14:47, 11.11.2026

ევროკავშირის წევრ ქვეყნებში რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების აღსრულების განსხვავებული პრაქტიკა შეზღუდვების ეფექტიანობას ამცირებს და მათი გვერდის ავლის შესაძლებლობას ქმნის, – ამის შესახებ ევროპის აუდიტორთა სასამართლოს ანგარიშშია ნათქვამი.

აუდიტის თანახმად, ევროკავშირის მიერ დაწესებულმა სანქციებმა რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობები მნიშვნელოვნად შეამცირა და შეზღუდა იმ პროდუქციის პირდაპირი მიწოდება, რომლის გამოყენებაც რუსეთის თავდაცვის ინდუსტრიაშია შესაძლებელი. თუმცა სანქციების აღსრულებისას არსებული სამართლებრივი ბუნდოვანება და წევრ სახელმწიფოებს შორის კონტროლის განსხვავებული მექანიზმები მათ ეფექტიანობას აფერხებს.

აუდიტორების შეფასებით, კომპანიებს შესაძლებლობა ეძლევათ, სავაჭრო ოპერაციები იმ ქვეყნებიდან განახორციელონ, სადაც სანქციების შესრულებაზე კონტროლი შედარებით სუსტია.

ანგარიშში კრიტიკულად არის შეფასებული ევროკომისიის საქმიანობის ცალკეული ასპექტებიც. მიუხედავად სანქციების კოორდინაციისა და ინფორმაციის გაცვლის მექანიზმების შექმნისა, ევროკომისიის რეკომენდაციებს სავალდებულო იურიდიული ძალა არ აქვს. ამასთან, არ არსებობს სანქციების საერთო ეფექტიანობის შეფასების მკაფიო კრიტერიუმები.

აუდიტორები ევროკავშირს ურჩევენ საკანონმდებლო ბაზის დაზუსტებას, წევრ ქვეყნებს შორის ინფორმაციის გაცვლის გაუმჯობესებასა და სანქციების აღსრულებაზე კონტროლის გამკაცრებას.

ანგარიშის მიხედვით, ევროკავშირსა და რუსეთს შორის სავაჭრო ბრუნვა 2021 წლის 253 მილიარდი ევროდან 2025 წელს 58 მილიარდ ევრომდე შემცირდა. მიუხედავად ამისა, ევროკავშირზე კვლავ მოდის რუსეთის საგარეო ვაჭრობის დაახლოებით 10 პროცენტი, რაც მას რუსეთის სიდიდით მესამე სავაჭრო პარტნიორად აქცევს.

მსგავსი