ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატისთვის „სამგურალის“ ბაზაზე სამი მაღალი დონის სტადიონი მოეწყობა #1TVSPORT
წყალტუბოს „სამგურალს“ მალე თანამედროვე საწვრთნელი კომპლექსი ექნება – ამის შესახებ კლუბის პრეზიდენტმა მიხეილ იაშვილმა ისაუბრა.
„2023 წელს საქართველოში ტარდება ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატი. სახელმწიფოსა და სფფ–ს მხრიდან იგეგმება წყალტუბოში სამი სავარჯიშო მოედნის გაკეთება, თავისი განათებებითა და ინფრასტრუქტურით. ამ მოედნებზე ევროპის ჩემპიონატის მონაწილე გუნდები ივარჯიშებენ და ქუთაისში ითამაშებენ. სამუშაოები წლეულს დაიწყება და 2023 წელს დასრულდება“, – განაცხადა მიხეილ იაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ 2023 წელს უეფას 21-წლამდე ნაკრებთა ევროპის ჩემპიონატის ერთ-ერთი მასპინძელი საქართველოა. ჩემპიონატი 2023 წლის ზაფხულში საქართველოსა და რუმინეთში გაიმართება. ჩემპიონატში მონაწილე 16 ევროპული ნაკრები ოთხ ჯგუფში გადანაწილდება. თითოეულ ქვეყანაში ორ-ორი ჯგუფი ჩატარდება. ახალგაზრდულ ნაკრებთა ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპი სამ ქალაქში, 4 სტადიონზე ჩატარდება: ბათუმში, ქუთაისსა და თბილისში (ბორის პაიჭაძის სახელობის დინამო არენა და მიხეილ მესხის სახელობის სტადიონი).
თავდაპირველად ჩემპიონატის ერთ-ერთ მასპინძელ ქალაქად ფოთი განიხილებოდა. თუმცა უეფა-ს საორგანიზაციო ჯგუფის ექსპერტების რეკომენდაციით, რომელიც მათ საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, არსებული ინფრასტრუქტურის გაცნობის შედეგად შეიმუშავეს, ჯგუფური ეტაპის მატჩები ფოთის ნაცვლად, ქუთაისში გაიმართება.
შეგახსენებთ, რომ უეფა-ს 21 წლამდე ნაკრებთა ევროპის ჩემპიონატის გამართვის უფლება საქართველომ 2020 წლის 3 დეკემბერს მოიპოვა.
ჩემპიონატის დებულების თანახმად, ორივე მასპინძელი ქვეყანა – საქართველო და რუმინეთი ფინალურ ეტაპზე საკვალიფიკაციო ეტაპის გავლის გარეშე ითამაშებენ.