რამაზ სვანაძე - 21-წლამდელებში სერიოზული რესურსია და ვეცდებით, ჯგუფის ფავორიტებს კონკურენცია გავუწიოთ #1TVSPORT
რამაზ სვანაძე - 21-წლამდელებში სერიოზული რესურსია და ვეცდებით, ჯგუფის ფავორიტებს კონკურენცია გავუწიოთ #1TVSPORT

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მწვრთნელმა რამაზ სვანაძემ კომენტარი გააკეთა მოლდოვასთან კიშინიოვში მოგებულ (1:0) შეხვედრაზე, რომლის შედეგად ჩვენი გუნდი შესარჩევ ციკლში მეორე ადგილზე დაწინაურდა.

„სატურნირო მდგომარეობიდან გამომდინარე, ეს ჩვენთვის მნიშვნელოვანი 3 ქულა იყო. ამიტომ სასიხარულოა, რომ გამარჯვება მოვახერხეთ. რაც შეეხება შეხვედრას – იყო კარგი ეპიზოდები, ასევე მომენტები, რომელიც ცოტა არეულად ჩავატარეთ, მაგრამ ეს ბუნებრივია.

სექტემბრის თამაშებამდე 21-წლამდელების ახალი თაობის პირველი შეკრება იყო, სადაც ფეხბურთელები ეცნობიან ჩვენს ფილოსოფიას და რას ვითხოვთ მათგან. ჩვენ კი მოთამაშეებს ვეცნობით.

ამ ორ თამაშს ამ კუთხით თუ განვიხილავთ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სახლში 6 ქულით ვბრუნდებით. სატურნირო კუთხიდან გამომდინარე, ეს ჩვენთვის ძალიან დიდი წინგადადგმული ნაბიჯია.

მომავალს ოპტიმისტურად ვუყურებ, რადგან დროსთან ერთად, გუნდი უკეთ შეთამაშდება. არის სერიოზული რესურსი და ვეცდებით, ეს პოტენციალი ისე გამოვიყენოთ, რომ ჩვენი ჯგუფის ფავორიტებს სერიოზული კონკურენცია გავუწიოთ“, – განაცხადა რამაზ სვანაძემ.

ორი ტურის შემდეგ, C ჯგუფში საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები 6 ქულით მეორე ადგილს იკავებს. ჯგუფის ლიდერ ნიდერლანდებსაც 6 ქულა აქვს, ხოლო 3 ქულით ჩრდილოეთ მაკედონია ჯგუფში მესამე ადგილზეა.

შემდეგ შეხვედრას გუნდი 12 ოქტომბერს შინ ნიდერლანდებთან გამართავს.