ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის გახსნა დედაენის ბაღში #1TVSPORT
ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის გახსნა დედაენის ბაღში #1TVSPORT

თბილისში, დედაენის ბაღში დიდი საფეხბურთო საღამო გაიმართება. ღონისძიება 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე ერთი დღით ადრე შედგება.

20 ივნისს თბილისში დაასრულებს მოგზაურობას ტურნირის მთავარი სიმბოლო, ევროპის ჩემპიონატის თასი, რომელმაც მასპინძელი ქალაქები – ბათუმი და ქუთაისი „კოკა-კოლას“ ჯადოსნურ ქარავანთან ერთად მოიარა.

ტურნირი 21 ივნისს დაიწყება, ევროპის ჩემპიონატის თასი კი გამარჯვებულს 8 ივლისს, ბათუმში გადაეცემა.

19:00 საათიდან დედაენის ბაღში მოეწყობა საკვები და გასართობი სივრცეები. ამ დროს დაიწყება პირველი არხის წამახალისებელი სპორტული გათამაშებაც, სადაც გათამაშდება 21 ივნისის, უეფა-ს 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის პირველი მატჩის, საქართველო – პორტუგალიის ბილეთები და სპორტული ატრიბუტიკა.

 

გულშემატკივარს საშუალება ექნება, ჩაერთოს სხვადასხვა საფეხბურთო შეჯიბრებასა და გათამაშებაში. 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის თასის ოფიციალური ღონისძიება 21:00 საათზე დაიწყება და მისი პირდაპირ ეთერში ნახვა საქართველოს პირველ არხზეა შესაძლებელი.

ნებისმიერ მსურველს მთავარ პრიზთან სამახსოვრო ფოტოს გადაღების შესაძლებლობა ექნება, ხოლო 22:45 საათზე ფეხბურთის გულშემატკივრებს ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩის, შოტლანდია-საქართველოს დიდ ეკრანზე ყურების საშუალება მიეცემათ.

21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატს საქართველო და რუმინეთი 21 ივნისიდან 8 ივლისის ჩათვლით უმასპინძლებენ. მატჩები საქართველოს სამ ქალაქში, თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში გაიმართება. ბილეთების შეძენა under21tickets.ge-სა და სტადიონების სალაროებშია შესაძლებელი.