ევროპიდან აშშ-ის მიმართულებით გადაადგილების აკრძალვასთან დაკავშირებით ევროკავშირი განცხადებას ავრცელებს
ევროპიდან აშშ-ის მიმართულებით გადაადგილების აკრძალვასთან დაკავშირებით ევროკავშირი განცხადებას ავრცელებს

ევროკავშირი ევროპიდან აშშ-ის მიმართულებით გადაადგილების აკრძალვასთან დაკავშირებით აშშ-ის გადაწყვეტილებაზე განცხადებას ავრცელებს.

ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის და ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის ერთობლივი განცხადება ევროკავშირის ოფიციალურ ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.

„კორონავირუსი არის გლობალური კრიზისი, რომელიც ლიმიტირებული არ არის რომელიმე კონტინენტზე და მოითხოვს თანამშრომლობას და არა ცალმხრივ მოქმედებას. ევროკავშირი გმობს ფაქტს, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სამოგზაურო აკრძალვასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება კონსულტაციების გარეშე მიიღო. ევროკავშირი იღებს ძლიერ ზომებს ვირუსის გავრცელების წინააღმდეგ“, – აღნიშნულია ურსულა ფონ დერ ლაიენის და შარლ მიშელის ერთობლივ განცხადებაში.

შეგახსენებთ, კორონვირუსის გავრცელების გამო აშშ-მა ევროპიდან უცხოელების მიღება შეაჩერა. აკრძალვა 13 მარტის შუაღამიდან 30 დღით ამოქმედდება. გამონაკლისი მხოლოდ დიდი ბრიტანეთის მოქალაქეებისთვის დაიშვება. ამის შესახებ დონალდ ტრამპმა სპეციალური მიმართვისას განაცხადა.

„გამონაკლისი გაკეთდება მხოლოდ ამერიკელებისთვის, რომლებიც გადიან სპეციალურ შემოწმებას. შეზღუდვები ასევე არ გავრცელდება დიდ ბრიტანეთზე“,- აღნიშნა აშშ-ის ლიდერმა.

აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, ევროკავშირმა ვერ შეძლო უსაფრთხოების ისეთი ზომების ამოქმედება, რაც აშშ-მა. ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, აშშ-ში ახალი ტიპის კორონავირუსის 1 322 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება. რაც შეეხება ევროპას, ყველაზე რთული ვითარება იტალიაშია, სადაც ვირუსით 12 462 ადამიანი დაინფიცირდა, დაღუპულთა რაოდენობა კი 827-ს შეადგენს.