ევროპელმა ლიდერებმა ვოლოდიმირ ზელენსკის უკრაინისადმი მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაუდასტრეს
ევროპელმა ლიდერებმა ვოლოდიმირ ზელენსკის უკრაინისადმი მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაუდასტრეს

ევროპელმა ლიდერებმა ონლაინშეხვედრისას ვოლოდიმირ ზელენსკის კიდევ ერთხელ დაუდასტურეს უკრაინისადმი მხარდაჭერა. ონლაინშეხვედრა ვოლოდიმირ ზელენსკისა და დონალდ ტრამპის თეთრ სახლში შეხვედრის შემდეგ შედგა. ინფორმაციას ამის შესახებ  დაუნინგ სთრითი ავრცელებს.

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი აღნიშნავს, რომ უკრაინას მშვიდობის გზაზე გერმანიის და ევროპელი პარტნიორების სრული მხარდაჭერა აქვს.

„პრეზიდენტ ზელენსკის აქვს გერმანიისა და ჩვენი ევროპელი მეგობრების სრული მხარდაჭერა მშვიდობისკენ მიმავალ გზაზე. პრეზიდენტ ტრამპთან შეხვედრის შემდეგ ჩვენ ვისაუბრეთ და მომდევნო ნაბიჯებს კოორდინირებულად გადავდგამთ. უკრაინას ახლა სამშვიდობო გეგმა სჭირდება“, – წერს მერცი სოციალურ ქსელში.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ანტონიუ კოშტა აცხადებს, რომ მომავალ კვირას ევროპულ საბჭოს სამიტზე ლიდერები განიხილავენ კონკრეტულ ნაბიჯებს მხარდაჭერის გასამყარებლად და რუსეთზე ზეწოლის გასაძლიერებლად.

„საუბარი გავმართე პრეზიდენტ ზელენსკისთან და ევროპელ ლიდერებთან უკრაინის პრეზიდენტის დონალდ ტრამპთან შეხვედრის შემდეგ. ჩვენი საერთო მიზანი ისევ სამართლიანი და მდგრადი მშვიდობის მიღწევაა უკრაინისთვის. ამის მისაღწევად კი აუცილებელია სამხედრო, ფინანსური და დიპლომატიური მხარდაჭერა, ისევე როგორც უსაფრთხოების გარანტიები“, – აღნიშნა კოშტამ .

ფინეთის პრეზიდენტი ალექსანდრ სტუბი აცხადებს, რომ ევროპა მტკიცედ დგას უკრაინის გვერდით.

„ახლახან დავასრულე საუბარი პრეზიდენტ ზელენსკისთან და ევროპელ ლიდერებთან. ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს უკრაინას. ეს გულისხმობს სამხედრო და ფინანსურ დახმარებას, უსაფრთხოების გარანტიებს, ცეცხლის შეწყვეტასა და სამშვიდობო პროცესს. მუშაობა გრძელდება. არავის სურს ამ ომის დასრულება ისე, როგორც უკრაინელებს“, – განაცხადა სტუბმა.