„ევროპელი სოციალისტები“ საპარლამენტო უმრავლესობასა და პარტია „მოქალაქეებს“ შორის გაფორმებულ მემორანდუმს უერთდება
„ევროპელი სოციალისტები“ საპარლამენტო უმრავლესობასა და პარტია „მოქალაქეებს“ შორის გაფორმებულ მემორანდუმს უერთდება

საპარლამენტო ოპოზიციური პარტია „ევროპელი სოციალისტები“ უერთდება პარლამენტის უმრავლესობასა და პარტია „მოქალაქეებს“ შორის გასულ კვირას, 29 იანვარს, გაფორმებულ მემორანდუმს, რომელიც საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებული საკანონმდებლო პაკეტის შემუშავებისა და მიღების ვალდებულებას შეეხება.

პარტიის პრესსამსახურის ინფორმაციით, მემორანდუმს პარტიის თავმჯდომარე ფრიდონ ინჯიამ დღეს მოაწერა ხელი.

„ევროპელი სოციალისტებისთვის“, როგორც პარლამენტის ოპოზიციური სუბიექტისთვის, მნიშვნელოვანია კონსტრუქციული თანამშრომლობა საპარლამენტო უმრავლესობასთან საარჩევნო კანონმდებლობის დახვეწისა და გაჯანსაღების კუთხით.

მზად ვართ, მონაწილეობა მივიღოთ საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებების შემუშავებაში, რაც ხელს შეუწყობს საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებას და მომავალი არჩევნების მაქსიმალურად კონკურენტულ გარემოში ჩატარებას“, – ნათქვამია განცხადებაში.

„ქართულმა ოცნებამ“ და „მოქალაქეებმა“ 29 იანვარს მემორანდუმი გააფორმეს, რომელიც საარჩევნო კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანას გულისხმობს. აღნიშნულ საკითხზე შეთანხმების მიღწევის შემდეგ, ალეკო ელისაშვილმა და ლევან იოსელიანმა პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილება მიიღეს.